
უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, 4 კომპანია, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზეა მიწვეული წარმოადგენენ ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს და შესაბამისად მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა.
„4 კომპანია, რომელიც არის წარმოდგენილი აქ მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან აღნიშნული სექტორის და თუ ავიღებთ ორგანიზებული ქსელების ნაწილს, ორგანიზებული ქსლების ნაწილში თქვენი ჯამური წილი შეადგენს სადღაც 71 %-ს მთლიანი ორგანიზებული ბაზრის, რაც ჯამურად 2024 წლის მაჩვენებლების მიხედვით შვიდი მილიარდი ლარია, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე თქვენი 4 კომპანია, არამარტო ბიზნესსაქმიანობაში არის ჩართული, არამედ თქვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ სოციალური, რადგან საქმე ეხება საკვებ პროდუქტებს და სწრაფი მოხმარების საგნებს. აქედან გამომდინარე კომისია იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი მრავალსაფეხურიანია, კერძოდ სამსაფეხურიანია, ეს იწყება მწარმოებლით, იმპორტიორით, დისტრიბუტორით და საბოლოოდ საცალო ქსელის ოპერატორებით, თუმცა ამ ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება მაინც საცალო ქსელებს აქვს, რადგან ისინი არიან ძირითადი საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ აღნიშნული სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სექტორი იყოს კონკურენტუნარიანი და ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.