
შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებსა და იმ შეხვედრებს, რომლებზეც ქალბატონი ექსპერტი იმყოფებოდა, დეტალურად მოისმინოთ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და თავად შეაფასოთ, საერთოდ არის თუ არა რაიმე საერთო დასკვნასა და ამ ინფორმაციას შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დასკვნა სრულიად ტენდენციურია და საერთოდ არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას.
„როცა ორ მხარეს უსმენ, უნდა გააკეთო შესაბამისი ანალიზი და ეცადო მაინც, ორივე მხარე ასახო. მაშინ, როდესაც დასკვნა სრულიად ტენდენციურია და საერთოდ არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც დგას ეუთო და, ზოგადად, ეს მექანიზმი, ასე მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებს ვინმე სერიოზულად შეხედავს? ჰკითხეთ ეუთო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც. 23 წევრის მიღმა კიდევ ბევრი სახელმწიფოა, რას ფიქრობენ ასეთ მიდგომაზე?
ამ დასკვნით ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული შიდა მექანიზმების გამოყენება ძალიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა რამდენიმედღიანი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას. სხვა რომ აღარაფერი დარჩენიათ, იყენებენ ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მაქსიმალურად მისცენ პოლიტიკური სიცოცხლე და ჟანგბადი ოპოზიციას საქართველოში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, „ეუთო-ს რეკომენდაციები ხომ სავალდებულოა, რადგან ეს სამართლებრივი დოკუმენტია?“, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო რეკომენდაცია არ არსებობს.
„სავალდებულო“ რას ნიშნავს? სავალდებულო რეკომენდაცია არ არსებობს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.