
რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.
მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის აქტივისტის, დავით ქაცარავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილი მას "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოკითხვას დაჰპირდა.
მისივე თქმით, ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მოულოდნელი არაფერია, ვინაიდან, ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად აგზავნიან უცხოეთში დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ „დანოსებს“.
"აბრალებენ საქართველოს უბინძურეს ტყუილებს, სთხოვენ გარე ძალებს, რომ დასანქცირდეს ჩვენი სამშობლო, დადიან ბრიუსელის კაბინეტებში და მათხოვრობენ, რომ გაგვიუქმდეს ვიზალიბერალიზაცია. შეუჩერებლად აგზავნიან უცხოეთში „დანოსებს“, რაც მთლიანად დეზინფორმაციას ეფუძნება.
ლანძღავენ ყველაფერს, რაც კი ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყველაფრით უპირისპირდებიან ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას.
ახლა ისიც ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა. ამაში მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არაფერია. ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯიდან გამომდინარე, ბოლომდე შეაძულეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. შემდეგ უკვირთ, თუ როგორ ვანადგურებთ არჩევნებში.
საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით." - წერს ლევან მაჭავარიანი.