
ჩვენი მხრიდან მთავარი წნეხი არის თაროს ფასზე და შესაბამისად, ყველა ის პრომო, აქცია, რომელიც იგეგმება, არის მაქსიმალური რესურსის გამოყოფა, რომ ეს პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ.
მან აღნიშნა, რომ „რითეილერის“ მოგების მარჟასთან შედარებით, დისტრიბუტორის მომგებიანობა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, რაც ჯანსაღი ციფრი არ არის.
„ამ მხრივ, ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის, ყველაზე დიდი დანახარჯები, როგორც კაპიტალური, ისე საოპერაციო, აქვს „რითეილერს“ და მწარმოებელს. დისტრიბუტორი არის შუალედური რგოლი, რომელიც ახორციელებს სერვისს, რათა დააკავშიროს მწარმოებელი „რითეილერთან“. როდესაც ჩვენ ბაზარზე შემოვედით, დისტრიბუტორის მომგებიანობის მარჟა 12-13% იყო, დღეს დაიწყია და სადღაც 8%-მდე არის, თუმცა, ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, ვიდრე „რითეილერის“ მომგებიანობის მარჟა. მე ახლა არ ვსაუბრობ კონკრეტულად „კარფურზე“, ვსაუბრობ ზოგადად ინდუსტრიაზე. ეს, გარკვეულწილად, არ არის ჯანმრთელი ციფრი, რამდენადაც, შეუძლებელია, ღირებულებით ჯაჭვში მყოფ რგოლს, რომელიც ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას და ყველაზე დიდი რისკი აქვს ბიზნესის შექმნასთან მიმართებით, აქვს ყველაზე დაბალი მომგებიანობის მარჟა,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.
როგორც მან განმარტა, კლასიკურ მოდელებში, ფასწარმოქმნის სქემა აცდენილია საქართველოში არსებულ ვითარებას.
„თუ გადავხედავთ კლასიკურ მოდელს, ფასწარმოქმნის სქემაში, მომწოდებელს, მწარმოებელს სისტემაში უნდა ჰქონდეს 50%-მდე მთელი მოგების, „რითეილერს“ უნდა ჰქონდეს 45%-მდე და დისტრიბუტორს, როგორც დამაკავშირებელ რგოლს, კლასიკურ მოდელებში აქვს სადღაც 5%-მდე. ჩვენს შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად აცდენილია განვითარებული ქვეყნების მაგალითს, მაგრამ, ეტაპობრივად, ყოველწლიურად, ევოლუცია ამისკენ მიდის, რომ განაწილება ამ შემოსავლის მოგების, მიდის ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დავით ქარქაშაძემ.