
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საზოგადოებამ კარგად იხილა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ორგანიზებული მცდელობა, რომელშიც ჩართული იყო არაერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
დარახველიძის თქმით, შესაბამისად, სახელმწიფომ კანონით გათვალისწინებული ყველა ის საშუალებები გამოიყენა, რითაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.
„ამ კონკრეტული მცდელობისთვის არაერთ პოლიტიკოსს ბრალი აქვს წაყენებული. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო არც ერთ საქმეს არ იძიებს, სადაც თანამშრომელთა მიმართ კონკრეტული საკითხები არსებობს. ამჟამად გენერალური პროკურატურა იძიებს. შესაბამისად, ჩემგან არასწორი იქნება გამოძიებაზე რაიმე ინფორმაციის გაჟღერება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა, რომელიც კარგად ორგანიზებული იყო, ადგილი ჰქონდა პოლიციაზე მასიურ თავდასხმას. საქართველოს პარლამენტი გადაწვეს, პოლიციელები არიან დაზარალებული. შესაბამისად, სამინისტრომ შესაბამისი ზომები მიიღო, რათა მსგავსი ძალადობა აღეკვეთა. ვერავინ იტყვის, რომ ეს აქცია მშვიდობიანი იყო. თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლები, რომლებიც სამინისტროში იმყოფებოდნენ, წარვუდგინეთ მათ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო. ეს ჩანაწერი სამინისტროში არსებობს. შესაბამისად, როცა აქცია ძალადობრივია, ხდება სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმა, საქართველოს პარლამენტის შენობა ფაქტობრივად გადამწვარი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, პოლიციამ გამოიყენა პოლიციის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროპორციული ძალა და საშუალებები, რისი გამოყენების არა უფლება, არამედ სრული ვალდებულებაც ჰქონდა. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, ამის გამოძიების უფლება სამინისტროს არ აქვს და ამ საკითხს გენერალური პროკურატურა იძიებს“, – აღნიშნა დარახველიძემ.