რეზონანსი
16.03.2026

დოკუმენტი თავის მანდატს გასცდა და იმ საკითხებს ეხება, რომელიც „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული საერთოდ არ არის, ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადად დაფუძნებულია მონაყოლზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტის ავტორი დაშვებებს აკეთებს და სიტყვებს იყენებს – ვვარაუდობ, თუ ეს ფაქტები სიმართლეა.

„ანუ, ის მტკიცებულებით ფორმაში ვერ საუბრობს. როცა ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტები და მტკიცებულებები. დოკუმენტები ვარაუდზე დაყრდნობით არ ხდება, მით უმეტეს, ასგვერდიანი დოკუმენტები 72 საათიან შუალედში. კითხვები არსებობს ექსპერტის მიუკერძოვებლობაზეც, რადგან ჩვენ ეს ადამიანი წარგვიდგინეს, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი სახელმწიფოს მრჩეველთა საბჭოს წევრია და პოლინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახლოს თანამშრომლობს. როგორც ირკვევა, მათი კანდიდატია და მათი წარმოდგენილია. ეს არის მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების საქართველოს ხელისუფლების და სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმ ვარაუდებმა, რომელიც ანგარიშში მრავლადაა, კიდევ უფრო გაგვიმყარა ეჭვი, რომ ეს მექანიზმი ამოქმედებული იყო ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. ეუთო-ს ფარგლებში პროცესი დასრულებულია და მას გაგრძელება აღარ ექნება. ჩვენ დავინახეთ, რომ კონკრეტული ქვეყნები ამ ანგარიშს გამოიყენებენ შემდგომში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. ადრე თუ ისინი ზოგად განცხადებებს აკეთებდნენ, ახლა იტყვიან, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს ეყრდნობიან. ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი თავად შექმნეს. ჩვენს ოპონენტებს ილუზიებში ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვთ და ასევე ხავსს ეჭიდებიან. მათ ის უხარიათ, რომ იქნებ, ამ პროცესიდან მათთვის სასიკეთო და ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გამოდნეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×