
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა და მას სამარცხვინო დასკვნა უწოდა.
მისი თქმით, ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ის დასკვნა, როგორიც არის ყველა ის რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან.
„რაც შეეხება თითოეულ იმ მიმართულებას, იმ ცრუ ფაქტს, რომელიც ამ დასკვნაშია მოყვანილი, ამას სერიოზულად ვერ შეხედავ. ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც სამწუხაროდ დღეს წარმოადგენს თუნდაც ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფილირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებაც რეზოლუციას რეზოლუციაზე ავტორობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული. ეს ერთი მხარეა, შემდეგ ჩვენი კითხვები იმ 100 გვერდიან დოკუმენტში. საერთოდ არც გადაუკითხავთ და ისე მოაბრუნეს ეს პასუხი. ეს მეტყველებს დამოკიდებულებებზე. დამოკიდებულებებზე, რომელიც არახალია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის.
როდესაც გესაუბრებიან ევროპული ღირებულებების სახელით და ფასეულობებით, გესაუბრებიან ბრიუსელის სახელით ევროკავშირის დროშას ამოფარებული და გეუბნებიან, რომ თურმე ოჯახური ღირებულებების დაცვა ევროპული გზა არ ყოფილა, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა თურმე დასაშვები უნდა იყოს და ეს ევროპულია, როდესაც იუსტიციის სახლში უნდა მიბრძანდეს თურმე საქართველოს მოქალაქე და თავის შეხედულებით გადაიკეთოს სქესი, ეს თურმე პროევროპულია, თურმე გამჭვირვალობა არ არის ევროპული. თურმე, ლომჯარია და გიგაურმა უნდა მიიღოს ასობით მილიონი დოლარი თუ ევრო აქ ქვეყნის გადასატრიალებლად და რევოლუციური სცენარებისთვის. თითოეული მიმართულება არის გაცამტვერებული. ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ის დასკვნა, როგორიც არის ყველა ის რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.