
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, მისი სურვილის თანახმად, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო. სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
დღის ბოლოს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა წმინდა სინოდის სხდომის ოქმიც გამოაქვეყნა.
"მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდებოდა საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკური ნიშნისა. იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა სრულიად საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსულ სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს" - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.
არქიმანდრიტის, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურის, იოვანე (მჭედლიშვილის) განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარი ღია იქნება დღისითაც და ღამითაც მათთვის, ვისაც სურს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს პატივი მიაგოს.
"ათასობით და ათი ათასობით ადამიანი ემშვიდობება სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს. მოგეხსენებათ, კვირას სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიკრძალება, მისივე ანდერძის თანახმად. ამ დღეების განმავლობაში ტაძარი ღია იქნება დღისითაც და ღამითაც, მომლოცველებს, მსურველებს, ვისაც უნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გამოემშვიდობოს, შეეძლებათ, რომ მობრძანდნენ", - განაცხადა მამა იოვანემ.