
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო რთულდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღება - ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო ამერიკასთან ურთიერთობები, არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ დღეს საქართველო მოხვდა ამ ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო სიაში,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი დემოკრატიულად ჩანაცვლდეს ისეთი
ძალით, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ინარჩუნებს ამერიკასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო რთულდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღება. ეს ერთი მხრივ, ცხადია, გამოწვეულია მიგრაციული დინამიკით და იმ ნეგატიური პრაქტიკით, რაც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ვიზის ხანგრძლივობის შემდეგაც რჩებიან ამა თუ იმ სახელმწიფოში, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დიპლომატიური და პოლიტიკური მიზეზებითაც არის განპირობებული და ამაში, რა თქმა უნდა, ბრალეულობა მიუძღვის „ქართული ოცნების“ რეჟიმს. ამის დასტური არის ის, რომ საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო ამ რეგიონიდან, რომელიც მოხვდა ამ სამწუხარო სიაში და იქ არ არის თუნდაც სომხეთი ან აზერბაიჯანი, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიპლომატიურ მიზეზებს აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის, ამ მიმართულებითაც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ რეჟიმის დემოკრატიულად ჩანაცვლება ისეთი ტიპის რეჟიმით, რომელიც იქნება, პირიქით, სტრატეგიულ პარტნიორობაში აშშ-თან და დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოსთან. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო ამერიკასთან ურთიერთობები, არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ დღეს საქართველო მოხვდა ამ ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო სიაში“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ის ასევე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მოწოდებას აშშ-ის მთავრობისადმი - შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი იზრდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ წნეხი „ქართული ოცნების“ რეჟიმზე იზრდება. ამჯერად ვხედავთ, რომ ჰელსინკის კომისია- ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები უერთდებიან მოწოდებას „მოსკოვის მექანიზმის“ შესრულებასთან დაკავშირებით. მოწოდება არის ძალიან მკაფიო, ამერიკამ უნდა დაასანქციროს რეჟიმი იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის „მოსკოვის მექანიზმის“ ჩარჩოში არსებული რეკომენდაციების განხორციელებაზე. ეს არის სწორედ ის სულისკვეთება, რომელიც გააჩნდა და გააჩნია ჩვენს პოლიტიკურ ძალას და ის დოქტრინული შეთავაზება, რაც ჩვენ გავაკეთეთ ქართული საზოგადოებისთვის, არის სრულ თანხვედრაში სწორედ ამ მზარდ საგარეო პოლიტიკურ წნეხთან“, - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველო დაამატა ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის, მათ შორის ტურისტული ვიზისთვის 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდა მოუწევთ.