რეზონანსი
19.03.2026

2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზებზე ვადაგადაცილების 690 შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2024 ფისკალური წლის "ქვეყანაში შესვლა-გასვლისა და ვიზის ვადაგადაცილების" ანგარიშშია აღნიშნული. სწორედ ამ სტატისტიკითაა ახსნილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 18 მარტის გადაწყვეტილებაც, რომლითაც აშშ-მა "ვიზების დეპოზიტის" პროგრამა გააფართოვა.

ცნობისთვის, პროგრამის ჩამონათვალს 12 ქვეყანა დაემატა, მათ შორის საქართველოც. გადაწყვეტილების მიხედვით, 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადის გაკეთებისას 5, 10 ან 15 ათასი დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, საკონსულოში სავიზო გასაუბრების დროს განისაზღვრება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, B1 და B2 (ტურისტული/ბიზნეს ვიზა) კატეგორიის ვიზებით აშშ-ში 2024 წელს საქართველოს 9 292 მოქალაქე იმყოფებოდა. აქედან, შტატების ტერიტორია დაგვიანებით საქართველოს 22-მა მოქალაქემ დატოვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ, უკანონოდ (ვადის დარღვევით) ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე დარჩა 668 მოქალაქე. ვადაგადაცილების ჯამური მაჩვენებელი 690 შემთხვევითაა განსაზღვრული, რაც 7.43%-ია 2024 წელს ამერიკაში ამ კატეგორიის ვიზით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საერთო რაოდენობისა.

შეგახსენებთ, „ვიზის დეპოზიტის“ პროგრამა ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს შემოიღო. პროგრამის მიზანი, ვიზების ვადის გასვლის შემდეგ, ამერიკაში დარჩენისა და არალეგალური მიგრაციის შეზღუდვაა. აღსანიშნავია, რომ 2 აპრილის შემდეგ, რეგულაციები ჯამურად, 50 ქვეყნის პასპორტის მქონე მოქალაქეებზე გავრცელდება. დამატებულ თორმეტეულში, საქართველოს გარდა, არიან კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×