რეზონანსი
19.03.2026

საქართველოში ხორცის გაძვირებაა მოსალოდნელი. როგორც კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა განაცხადა, მსოფლიოში მსხვილფეხა პირუტყვზე დეფიციტია, ამასთან, რუსეთსა და ბელარუსში ფასი მკვეთრად გაზრდილია, საქართველოში კი ნედლი ხორცი, ძირითადად, ამ ბაზრებიდან შემოდის.

ბექა გონაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხორცის საბითუმო ჩასაბარებელი ფასი 24-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც მოსალოდნელია, რომ მინიმუმ 26-27 ლარამდე გაიზრდება.

„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ხორცის გაძვირება შესაძლოა, დროში მცირედით გადაავადოს იმ გარემოებამ, რომ ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ ეტაპზე საქართველოდან რიგ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში მსხვილფეხა ცხოველების ექსპორტი შეფერხებულია

“მსოფლიო ბაზარზე დეფიციტია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. რუსეთში ფასები საკმაოდ მომატებულია, უზბეკეთი დიდი შემსყიდველია და იქაც ასწიეს ფასი. ევროპაში დაახლოებით 30%-ით არის გაძვირებული. შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ საქართველოშიც ფასი ხორცზე აუცილებლად მოიმატებს. ამას შეიძლება ცოტა ხანი ხელი შეუშალოს იმან, რაც ახლა ირანის მიმართულებით ხდება. საქართველოდან ირანის გავლით ერაყში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადიოდა ექსპორტზე, რაც ახლა შეწყვეტილია. 

მაინც ვფიქრობ, რომ ივლის-აგვისტოში ფასი ისევ მოიმატებს. დღეს თბილისში ფერმერის მიერ საქონლის ჩასაბარებელი საბითუმო ფასი არის დაახლოებით 24 ლარის ფარგლებში, ზოგ კატეგორიაზე 25 ლარამდეც. ეს ფასი ალბათ ზაფხულში 26-27 ლარი გახდება”, - განაცხადა “საქმის კურსის” ეთერში გონაშვილმა.

bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×