
ისრაელში განვითარებულ მოვლენებსა და ეკლესიის როლზე ისაუბრა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდებში სულიერი სიმტკიცე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
„უწმინდესმა პანდემიის დროს მაგალითი მისცა მთელ მართლმადიდებელ სამყაროს," - წერს ანალიტიკოსი და ხაზს უსვამს ეკლესიის უწყვეტი ფუნქციონირების მნიშვნელობას კრიზისის დროს.
„დღეს, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ, შუა დიდ მარხვაში, სალოცველად დახურა მაცხოვრის საფლავის ტაძარი, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ყოველთვის ღია იყო მორწმუნეთათვის - როგორ არ გავიხსენოთ უწმინდესის გმირობა, რომელმაც პანდემიის დროს ღვთის სახლის კარები არ ჩაგვიკეტა, წირვა-ლოცვის გარეშე არ დაგვტოვა. არ დაგვტოვა: იმდროინდელ ხელისუფალთა დაჟინებული მოთხოვნის, ზოგიერთი რწმენაში დასუსტებული კლირიკოსის, შეშინებული საზოგადოების ნაწილის ზეწოლის მიუხედავად.
დღეს ისრაელში გრძელდება რთული მოლაპარაკებები, ვნების შვიდეულში, ვნების შაბათს (ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა) და აღდგომის ღამეს - ღვთისმსახურების ჩატარებაზე ნებართვის მიღების მიზნით. საქართველოში ვერც ერთი ხელისუფალი, ვერც ერთი შეშინებული მღვდელმსახური თუ მოყვასი - რომელმაც ზურგი გვიქცია მაშინ იმ შიშის გამო, რომ „ერთი კოვზით ვეზიარებოდით" და ვირუსის „გამავრცელებლები" ვიყავით - ვერ გადალახავდა ფიზიკურად დაუძლურებული პატრიარქის ურყევ სულიერ სიმტკიცეს.
რა იყო ეს, თუ არა გმირობა, თუ არა რწმენაში მტკიცედ და შეურყევლად დგომა. უწმინდესმა მაშინ მთელ მართლმადიდებელ სამყაროს მისცა ამ სიმტკიცის მაგალითი. ის მსოფლიო მასშტაბის მნათობი იყო და არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროსი.
ღმერთმა გადაალახინოს იერუსალიმის ეკლესიას დიდი მარხვის ამ რთულ პერიოდში მოვლენილი განსაცდელი. ჩვენც განსაცდელში ვართ ამჟამად, მაგრამ მათი გადალახვით, რწმენაში მხოლოდ გაძლიერებულნი გამოვალთ...
P.S.: ლუციფერმა უწმინდესის გარდაცვალებაში თითქოს სისუსტე ჰპოვა ჩვენს საერთო ეკლესიაში და ცდილობს შეტევაში გადავიდეს - ნუ იყოს ასე ჩვენდა!"-წერს დავით ქართველიშვილი.