
„ავტომობილების გაძვირება უკვე დაწყებულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომპანია HOA Auto Import-ის დამფუძნებელმა, რეზო ტაბატაძემ განუცხადა. ფასების ზრდის ტენდენცია მხოლოდ ავტომობილების იმპორტის ნაწილში არ იქნება შესამჩნევი და მნიშვნელოვნად დაეტყობა ადგილობრივ ბაზარსაც.
„ადგილობრივ ბაზარზე ეს ავტომატურად გამოიწვევს ავტომობილებზე ფასის მატებას. შეგვიძლია კიდეც უკვე ცალსახად ვთქვათ, რომ მანქანების გაძვირება დაწყებულია. ამას რამდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორი აქვს.
პირველ რიგში, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, რომ განბაჟების ტარიფის ზრდით, გაიზრდება პროდუქტის თვითღირებულებაც. მსგავს შემთხვევაში, მყიდველს უწევს მინიმუმ, განბაჟების ტარიფით მეტი გადაიხადოს ავტომობილში.
ამას გარდა, ქვეყანაში შემოსული ავტომობილების მფლობელებმა უკვე იციან, რომ განბაჟება ძვირდება. შესაბამისად, ადამიანი ფიქრობს, თუ დღეს მანქანას გავყიდი 10 ათას დოლარად, ხვალ მსგავსი ავტომობილის შემოყვანა საქართველოში მინიმუმ, 12 ათასი დოლარი დაჯდება. გამომდინარე აქედან, უკვე დაიწყეს ფასების გაზრდა და ეს ლოგიკურიცაა.
ამასთან, მოგეხსენებათ, საქართველოში ავტომობილების წარმოება არ გვაქვს. ჩვენთან ყველა ავტომობილი შემოსულია. ძირითადი დატვირთვა ამერიკისა და სამხრეთ კორეის აუქციონებზე მოდის. წარმოიდგინეთ, იმ მცირე ჯგუფზე, რომელსაც დარჩება შესაძლებლობა ავტომობილების იმპორტი გააკეთოს, ბუნებრივ გავლენას მოახდენს განბაჟების ტარიფის საკითხი. ასეთ შემთხვევაში, აუქციონებზე მოხდება კონკურენციის გაზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იქვე გაიზრდება ფასებიც.
მთლიანობაში, მივიღებთ როგორც ჩამოყვანილი ავტომობილის გაძვირებას, ისე სხვადასხვა ფაქტორს, რომელიც ადგილობრივ ბაზარსაც გააძვირებს. მოსახლეობას, ნებისმიერ მოქალაქეს მოუწევს, გაზრდილი ღირებულება გადაიხადოს ავტომობილში და ეს შეუქცევადი პროცესი იქნება“, - აცხადებს რეზო ტაბატაძე.
პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური ძვირდება. პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.