რეზონანსი
20.03.2026

ჯარის ძარცვის საქმეზე, ჩვენება სასამართლოს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ოპერატიულმა თანამშრომლმა, გიორგი უსუფაშვილმა მისცა. უსუფაშვილი არის ის პირი, რომლის პატაკის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მოწმემ სასამართლო დარბაზში თქვა, რომ მისი ინფორმაციით, რომელიც ოპერატიულად წყაროსგან  აქვს მიღებული, თავდაცვის სამინისტროს მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალისათვის შეძენილი აპარატურის ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი. სხდომაზე იმ მაღალჩინოსნების გვარებიც დაასახელა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, აღნიშნულ შესყიდვაში იყვნენ ჩართულნი. 

„2023 წელს, თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურა შეიძინა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შესყიდვის ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი. აღნიშნულ თემაში იყვნენ როგორც კომპანიის წევრები, ასევე ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე, ასევე საქმის კურსში იმყოფებოდნენ იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური... ეს ინფორმაცია მომაწოდეს, ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს“, - განაცხადა გიორგი უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.  შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×