რეზონანსი
20.03.2026

მან გააძლიერა დღევანდელი საქართველო. თითქოს, სულ სხვა ცხოვრება იწყება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აკადემიკოსმა, ვალერი ასათიანმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას. მისივე თქმით, იგი საყოველთაო სიმშვიდეს ამკვიდრებდა და ეს სიმშვიდე გადასცა თაობებს.

„არ შეიძლება, მღელვარების გარეშე უყურებდე იმას, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში - ახალგაზრდობა, მის მიერ მონათლული ათასობით ახალგაზრდა, ბავშვები, როგორ მსჯელობენ, როგორ საუბრობენ! მან გააძლიერა დღევანდელი საქართველო. თითქოს, სულ სხვა ცხოვრება იწყება საქართველოში. ყვავილების ეს მდინარე, აურაცხელი ხალხი, საოცარი სიფაქიზით, სიყვარულითა და მადლიერებით განმსჭვალული სიტყვები! არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობა არ მოსწრებია ადამიანის მიმართ მადლიერების, სიყვარულისა და თაყვანისცემის ასეთ გამოხატვას! ძალიან ბევრი შეიძლება, რომ ვისაუბროთ“, - აღნიშნა აკადემიკოსმა.

ვალერი ასათიანის თქმით, პატრიარქის სამძიმარზე მისული ადამიანების უწყვეტი ნაკადი ბევრის მთქმელია, რომ ერს აქვს თავისი ხმა.

„ერს აქვს თავისი ხმა, რომ ერს შეუძლია იყოს ერთიანი, გამოიჩინოს სიმტკიცე, გამოხატოს სიყვარული, რომელსაც ქადაგებდა პატრიარქი და იაროს სწორი გზით. პატრიარქი სულ ცდილობდა, რომ სწორი გზა ეჩვენებინა. მოგეხსენებათ, ის თავის მოღვაწეობას აფასებდა, როგორც მზიან ღამეს. ახლა არ შემიძლია, ლადო ასათიანი არ გავიხსენო - „დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ“. აი, პატრიარქი დაიღალა საქართველოს სიყვარულში და მან ეს „დავიღალე“ არაჩვეულებრივ საგალობელში გამოხატა, რომელიც შეუძლებელია, ადამიანმა ცრემლის გარეშე მოისმინო“, - აღნიშნა აკადემიკოსმა, ვალერი ასათიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×