
აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანული ნავთობის საზღვაო შესყიდვებზე სანქციები 30 დღით დროებით გააუქმა, რათა შეამსუბუქოს ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი ავრცელებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით აშშ ირანს ნავთობის გაყიდვის საშუალებას აძლევს, რაც ომში შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ლიცენზია გამოსცა, რომელიც ზღვებში მყოფ ტანკერებზე დატვირთული 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა.
„დღეს ხაზინის დეპარტამენტი მოკლევადიან ნებართვას გასცემს, რომელიც ამჟამად ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის საშუალებას იძლევა.
„ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ნავთობზე დაბალი ფასები შევინარჩუნოთ", - განაცხადა ხაზინის მდივანა სკოტ ბესენტმა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, ლიცენზია ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და ნავთობის გაყიდვა იმ ტანკერებიდან მოხდება, რომლებიც 20 მარტამდე დაიტვირთა. აღნიშნული ტანკერებიდან ირანული ნავთობის გაყიდვა, გადაზიდვა ან გადმოტვირთვა 19 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.
გავლენიანი დასავლური გამოცემები, მათ შორის „გარდიანი", წერს, რომ ეს გადაწყვეტილება თეთრი სახლის შეშფოთებას ასახავს, რადგან ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა (ფასები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია) ამერიკულ ბიზნესსა და მომხმარებლებზე ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ უარყოფითად იმოქმედებს მაშინ, როცა რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობენ.
- სკოტ ბესენტი: „ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ნავთობზე დაბალი ფასები შევინარჩუნოთ".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ-მა სანქციები დროებით მოხსნა. ორი კვირის წინ აშშ-მა ასევე შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზეც,
„არსებული მარაგის დროებით გახსნით, შეერთებული შტატები გლობალურ ბაზარს სწრაფად მიაწვდის დაახლოებით 140 მილიონ ბარელ ნავთობს, გაზრდის ენერგომომარაგებას და შეამსუბუქებს მიწოდებაზე არსებულ დროებით ზეწოლას," -დაწერა ბესენტმა „იქსზე" გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ლიცენზიის მიხედვით, გამონაკლისის ფარგლებში ირანული ნავთობის იმპორტი აშშ-ში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა მისი გაყიდვის ან მიწოდების პროცესის დასასრულებლად.
საინტერესოა, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებული სანქციების პირობებში, ვაშინგტონს ირანული ნავთობი ქვეყანაში პრაქტიკულად არ შეუტანია.
ბესენტმა სანქციების მოხსნის შესაძლებლობაზე პირველად ხუთშაბათს „ფოქს ბიზნესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რამაც ანალიტიკოსებში შეშფოთება გამოიწვია. მათი შეფასებით, ასეთი პოლიტიკა შესაძლოა ირანის სამხედრო ძალისხმევასაც კი დაეხმაროს.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს აბსურდულია. ფაქტობრივად, ჩვენ ირანს ნავთობის გაყიდვის საშუალებას ვაძლევთ, რაც შემდეგ შეიძლება ომის დაფინანსებას მოხმარდეს", - განუცხადა ანალიტიკოსმა დეივიდ ტანენბაუნმა „ბიბისის".
მსგავსი შეფასებების რიტორიკას თავად ბესენტი არ იზიარებს. მისი თქმით „ეს დროებითი, მოკლევადიანი ნებართვა მკაცრად შემოიფარგლება მხოლოდ იმ ნავთობით, რომელიც უკვე გზაშია და არ გულისხმობს ახალ შესყიდვებს ან წარმოებას".
მისივე თქმით, ირანს გაუჭირდება მიღებულ შემოსავალზე წვდომა და აშშ გააგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკას, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეზღუდვის მიმართულებით.
იმუშავებს თუ არა გეგმა
ენერგეტიკის ანალიტიკოსები, მათ შორის ბრენტ ერიქსონი, აცხადებს, რომ ადმინისტრაციის ფასების კონტროლისკენ გადადგმული ნაბიჯები სრულფასოვნად ვერ იმუშავებს, ვიდრე ჰორმუზის სრუტე გემებისთვის არ გაიხსნება.
- ბრენტ ერიქსონი: „თუ იმ ეტაპზე მივედით, რომ სანქციებს ვამსუბუქებთ იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც ომში ვართ, ეს ნიშნავს, რომ არჩევანი თითქმის აღარ გვრჩება."
„სანქციების შემსუბუქება აჩენს შეშფოთებას, რომ ვაშინგტონის ეკონომიკური ბერკეტები სწრაფად იწურება", - აღნიშნა ერიქსონმა, - „თუ იმ ეტაპზე მივედით, რომ სანქციებს ვამსუბუქებთ იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც ომში ვართ, ეს ნიშნავს, რომ არჩევანი თითქმის აღარ გვრჩება."
„გარდიანის" ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი სარგებელს მოუტანს ჩინეთსაც, რომელიც ირანული ნავთობის ყველაზე მსხვილი მყიდველია.