
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ პენტაგონი მასშტაბური სამხედრო ძალისხმევის შემცირებას განიხილავს, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია უფრო გართულდეს. სხვადასხვა წყაროები, მათ შორის ოფიციალური, ადასტურებენ, რომ აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის სერიოზულად ემზადება.
სახმელეთო ოპერაციის დაწყებასა და ზოგადად სამხედრო ძალისხმევის შემცირებას რომ არ გეგმავს აშშ-ს ხელმძღვანელობა, ამაზე რამდენიმე გარემოება მიანიშნებს. „ვაშინგტონ პოსტი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონმა თეთრ სახლს მიმართა, ნება დართოს და კონგრესს სთხოვოს 200 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყოს ირანში საომარი კამპანიის გასაგრძელებლად. მოთხოვნილი თანხა კი ბევრად აღემატება იმ ხარჯს, რომელიც ამერიკამ ირანის საჰაერო დაბომბვის დროს მანამდე გასწია.
აშშ-ის ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენტაგონმა ირანში ომის დაფინანსების მიზნით კონგრესს 200 მილიარდ დოლარზე მეტი მოსთხოვა, რასთან დაკავშირებითაც ჰეგსეთმა განაცხადა, რომ „ცუდი ხალხის დასახოცად ფულია საჭირო".
ამასთან, 19 მარტს გამოქვეყნდა „როიტერსის" დაკვეთით კომპანია „იპსოსის" სოციოლოგიური კვლევა, სადაც ამერიკელთა უმეტესობა - 65% ფიქრობს, რომ ტრამპი ირანში ჯარების შეყვანის ბრძანებას გასცემს, თუმცა სახმელეთო ოპერაციას გამოკითხულთა მხოლოდ 7% უჭერს მხარს.
სამხედრო მიმომხილველები ფიქრობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ირანის კუნძულ ხარგის შესაძლო ოკუპაციის, ან მისი საზღვაო ბლოკადის გეგმა შეიმუშავა. რაც „მაღალ რისკებს შეიცავს" და გეოგრაფიულად შეზღუდულ სივრცეში იქ მყოფი ამერიკულ ძალები ირანული ცეცხლის ქვეშ მოექცევიან. საფრთხეებს ხედავენ ამერიკელი სამხედრო პირებიც, თუმცაღა, თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ კუნძულის განადგურება შეუძლია.
მედიის ვერსიები
„გარდიანის" წყაროს თანახმად, მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, რომ ოპერაციის შეჩერებას განიხილავს, აშშ-ის მოქმედება საპირისპიროზე მიუთითებს.
„დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების „შეჩერებას" განიხილავს, თუმცა მიუხედავად „მისა, როგორც ამბობენ, რეგიონში კიდევ სამ სადესანტო გემს და დაახლოებით 2500 დამატებით საზღვაო ქვეითს აგზავნის.
- „გარდიანი": „აშშ განიხილავს ირანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხარგის კუნძულის ოკუპაციის, ან ბლოკადის გეგმებს, რათა თეირანზე ზეწოლა მოახდინოს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხში".
„აშშ განიხილავს ირანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხარგის კუნძულის ოკუპაციის, ან ბლოკადის გეგმებს, რათა თეირანზე ზეწოლა მოახდინოს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხში", - წერს „გარდიანი".
ამავე წყაროს შეფასებით, 20 მარტს ტრამპმა ომის შენელებაზე „ორაზროვანი განცხადება გაავრცელა".
თავდაპირველად მან ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა გამორიცხა.
„მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებ, როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებ მეორე მხარეს", - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
თუმცა, პარასკევს საღამოს, მან სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ აშშ ირანში სამხედრო ოპერაციების „შეჩერებას" განიხილავს:
„ძალიან ვუახლოვდებით ჩვენი მიზნების მიღწევას და ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი დიდი სამხედრო ძალისხმევის შენელებას განვიხილავთ".
გარდა ამისა, „გარდიანის" ანალიტიკოსთა შეფასებით, ირანის ხარგის კუნძულის ოკუპაციის ნებისმიერი მცდელობა მაღალ რისკებს შეიცავს.
„ხარგის კუნძულის ოკუპაციის ნებისმიერი მცდელობა, სავარაუდოდ, მაღალ რისკებს შეიცავს, რაც ნიშნავს იმას, რომ გეოგრაფიულად შეზღუდულ სივრცეში იქ მყოფი ამერიკული ძალები ირანული დრონებისა და რაკეტების ცეცხლის ქვეშ მოექცევიან.
„ხარგის კუნძულის ტერმინალი, რომლის ფართობიც მხოლოდ 20 კვადრატული კილომეტრია და ირანის ქალაქ ბუშერიდან 25 კილომეტრში, ყურის ჩრდილოეთ ბოლოში მდებარეობს, ირანის ნავთობის დაახლოებით 90%-ის ექსპორტს ახორციელებს და იგი ახლომდებარე საბადოებიდან მილსადენებით მარაგდება.
„ირანი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობით მიღებულ შემოსავალზე და ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივის ხელში ჩაგდების ნებისმიერი მცდელობა თითქმის დანამდვილებით შეხვდება წინააღმდეგობას.
„პენტაგონმა უკვე გაგზავნა დაახლოებით 2200-კაციანი 31-ე საზღვაო ქვეითებისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალა ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, სამხედრო ოფიციალურმა პირებმა არ განაცხადეს, თუ კონკრეტულად რა მისიების შესრულება დაევალათ ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილ საზღვაო ქვეითებს", - აღნიშნულია სტატიაში.
ამერიკული მედიის თანახმად, ოფიციალური პირების თქმით, კალიფორნიაში ბაზირებული სადესანტო ხომალდი „ბოქსერი", რომლის ბორტზეც საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფები იმყოფებოდნენ, ასევე ახლო აღმოსავლეთისკენ გაემართა.
„უოლ სთრით ჯორნალი" კი ამერიკელ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს და სამ სამხედრო გემს აგზავნის:
„პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში სამ სამხედრო ხომალდს და ათასობით დამატებით საზღვაო ქვეითს აგზავნის... კალიფორნიაში ბაზირებული ამფიბიური თავდასხმის ჯგუფიდან USS Boxer და მე-11 საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ძალებიდან დაახლოებით 2200-დან 2500-მდე საზღვაო ქვეითი მიემგზავრება აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში, რომელიც პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ყველა ამერიკულ ძალაზე".
ტელეკომპანია „სიბიესს" წყაროებმა განუცხადეს, რომ პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ირანში სახმელეთო ძალების გასაგზავნად დეტალური გეგმების მომზადება სერიოზულად დაიწყეს. მათი თქმით, წამყვანმა სამხედრო მეთაურებმა კონკრეტული მოთხოვნები წარადგინეს, რომელთა მიზანიც მსგავსი შემთხვევისთვის მომზადებაა იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ისრაელთან ერთად წამოწყებულ სამხედრო კამპანიაში მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.
ორი წყაროს მიხედვით, აშშ-ის სარდლობამ საგანგებო შეხვედრებიც გამართა, რათა მოემზადონ პოტენციური სცენარისთვის, როცა შესაძლოა ირანელი სამხედროებისა და გასამხედროებული პირების დაკავება მოუწიოთ იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ირანში სახმელეთო ძალების გაგზავნას გადაწყვეტს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ამჟამად რეგიონისკენ უკვე გაგზავნილია ათასობით საზღვაო ქვეითი, რომლებმაც სამ სამხედრო გემთან ერთად კალიფორნია მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვეს. გარდა ამისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილების გასაგზავნად ემზადება.
„სიბიეს ნიუსთან" თან საუბრისას თეთრი სახლის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ აშშ-ს არმიას „ნებისმიერ დროს" შეუძლია ირანის ხარგის კუნძულის „განადგურება".
- „აქსიოსის" წყარო: „გვჭირდება დაახლოებით ერთი თვე, რომ იერიშებით კიდევ უფრო დავასუსტოთ ირანი, ავიღოთ კუნძული და შემდეგ მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციაზე ვიყოთ".
„აქსიოსის" წერს, რომ ხარგის კუნძულის დაკავების ოპერაციამ, შეიძლება ამერიკელი სამხედროები პირდაპირ საბრძოლო საფრთხის წინაშე დააყენოს. გამოცემის წყაროების თქმით, ასეთი ოპერაცია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც აშშ-ის სამხედრო ძალები დამატებით დაასუსტებენ ირანის შესაძლებლობებს ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ.
„გვჭირდება დაახლოებით ერთი თვე, რომ იერიშებით კიდევ უფრო დავასუსტოთ ირანი, ავიღოთ კუნძული და შემდეგ მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციაზე ვიყოთ", - ამბობს წყარო.
მათივე შეფასებით, მსგავსი ოპერაცია ბევრად მეტ სამხედროს მოითხოვს, თეთრი სახლი და პენტაგონი კი კიდევ უფრო მეტი ჯარის გაგზავნას განიხილავენ.
„მას სურს, რომ ჰორმუზი გაიხსნას. თუ ამისთვის ხარგის კუნძულის დაკავება იქნება საჭირო, ეს მოხდება. თუ სანაპირო ოპერაცია გადაწყვიტა - ესეც მოხდება. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - განუცხადა „აქსიოსს" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
- კონტრადმირალი მარკ მონტგომერი: „თუ კუნძულს დავიკავებთ, ისინი უბრალოდ სხვაგან გადაკეტავენ ნავთობის ნაკადს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ წარმოებას ვაკონტროლებთ".
სხვა წყაროების აზრით კი, მიუხედავად იმისა, რომ კუნძული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირანის ნავთობ ინდუსტრიისთვის, არ არსებობს გარანტია, რომ მისი დაკავება ირანს დანებებას აიძულებს.
კონტრადმირალმა მარკ მონტგომერიმ „აქსიოსს" განუცხადა, რომ ასეთმა მისიამ შეიძლება ამერიკელი სამხედროები ზედმეტად სარისკო მდგომარეობაში ჩააყენოს, როცა შედეგი გაურკვეველია.
„თუ კუნძულს დავიკავებთ, ისინი უბრალოდ სხვაგან გადაკეტავენ ნავთობის ნაკადს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ წარმოებას ვაკონტროლებთ", - განაცხადა მონტგომერიმ და დასძინა, რომ უფრო რეალისტურია, რომ კიდევ დაახლოებით ორი კვირის იერიშების შემდეგ აშშ გაგზავნის გამანადგურებელ ხომალდებსა და ავიაციას სრუტეში ტანკერების დასაცავად, რაც შეჭრის საჭიროებას მოხსნის.