
მსურს, საუბარი დავიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა, მან ქრისტიანული იდეალები ქართველი ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინებაში უწმინდესის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.
„მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან. ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი; ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველი იყო.
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ, დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოში მიმდინარე გარდაქმნების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ დროს ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ერთ ფუნდამენტურ კითხვას - როგორ დაიცვას ეროვნული ინტერესები ისე, რომ არ დაკარგოს ღირებულებები და ტრადიციები.
„საქართველოსთვის ეს კითხვა ჰიპოთეტური არ არის. უკვე 30 საუკუნეა, ჩვენი მცირე ზომის ქვეყანა ცივილიზაციების გზაჯვარედინზე დგას - აკავშირებს ევროპას და აზიას, კულტურებს, სავაჭრო გზებსა და იდეებს. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ: ერები მდგრადნი რჩებიან, როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და იმ ღირებულებების ერთგულებას, რომლებიც მათ განსაზღვრავს. საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან. ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს - გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევასა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში. ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ევროპული ინტეგრაციის გზისადმი საქართველოს ერთგულებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტსა და იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
„ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით - ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც თავისთავად ურთულესი ამოცანაა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებსა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
„გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს - ადამიანთა სიცოცხლეს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის.
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს. მაშინ, როდესაც საერთაშორისო სისტემა სულ უფრო მეტად ყალიბდება კონფლიქტებით, საქართველომ განსხვავებული გზა აირჩია. ჩვენ გვწამს დაკავშირებადობის და თანამშრომლობის; არ გვწამს დაპირისპირების. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნა მაშინაც კი, როცა მსოფლიო დაქუცმაცებულია. საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის. ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. პროგნოზირებადმა მმართველობამ და მშვიდობისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული მდგრადობის ზრდაში. ამ მიდგომის შედეგად საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის დონით გამოირჩევა - 2021 წლიდან საშუალო წლიური ზრდა 9.3%-ია. ჩვენი რეგიონიც - სამხრეთ კავკასია - მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. ახალი შესაძლებლობები იბადება მშვიდობისთვის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილურობას, დიალოგსა და რეგიონულ პარტნიორობას. ჩვენი ხედვა ნათელია - რეგიონს უნდა განსაზღვრავდეს დაკავშირებადობის უნარი, ვაჭრობა და თანამშრომლობა და არა კონფლიქტები ან დაყოფა”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უნგრეთთან მეგობრობასა და მჭიდრო ურთიერთობებს, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის, რომელიც მოკლებულია სუვერენიტეტს, მიუღებელია ყველა სუვერენული მთავრობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.
მათთვის მიუღებელია, ეწვიო ამ ქვეყანას და იხილო ავთენტური უნგრეთი იმ მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც არსებითად დაკარგეს საკუთარი იდენტობა. მათთვის მიუღებელია, რომ უნგრეთი თავისი პატრიოტული მთავრობის წყალობით ეფექტიანად იცავს თავს გენდერული პროპაგანდისგან, მიგრაციისგან და სხვა მანკიერებისგან, რაც თანამედროვე ევროპისთვის ეგზისტენციურ პრობლემას წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში. მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე. მსურს, წარმატებები ვუსურვო მსოფლიოს ყველა ადამიანს, ვინც ერთგულია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემის იდეისადმი ამ მზარდი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში. ღმერთმა დალოცოს უნგრეთი! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის ვიდეო-მიმართვები.