
ვინ იქნება საქართველოს 142-ე პატრიარქი? - ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ მის ხმამაღლა დასმას, პატრიარქის სიცოცხლეში ყველა ერიდებოდა. ამ კითხვას ახლა პასუხი ზუსტად 2 თვეში უნდა გაეცეს. მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის არჩევის პროცედურა 40 დღეში დაიწყება და ილია მეორეს გარდაცვალებიდან და არა უგვიანეს 2 თვისა, საბოლოოდ დასრულდება. ასეთია წესი, რომელიც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში 1995 წელს ჩაიწერა.
ქართულ ეკლესიას, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პატრიარქის არჩევის გამოცდილება უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფაქტობრივად არ ჰქონია. ეს ბოლოს 1977 წელს, მაშინ მოხდა, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და სიონის საკათედრო ტაძარში, ილია მეორეს უწმინდესისა და უნეტარესის ტიტული მიენიჭა.
49 წლის წინანდელი გამოცდილებით, ილია შიოლაშვილის პატრიარქად აღსაყდრებას მხარი სინოდმა ერთხმად დაუჭირა. თუმცა მაშინ უმაღლეს სასულიერო კრებაში, პატრიარქად არჩეული ილია მეორეს გარდა, სულ 6 წევრი ირიცხებოდა. ახლა კი სინოდი 39 ეპისკოპოსისგან შედგება და სწორედ მათ შორის უნდა გამოირჩეს ის, ვინც მაისში, პატრიარქის მიტრას, თავზე დაიდგამს.
თანამედროვე დებულების თანახმად, პატრიარქად არჩევის წესი მოითხოვს, კენჭისყრაში მონაწილეობა 3-მა კანდიდატმა მიიღოს. პირველ ტურში, 2 დაწინაურებული მღვდელმთავარი გამოვლინდება, რომელთა შორისაც გამორჩევა უკვე გაფართოებულ ფორმატში, რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატების დახმარებით უნდა მოხდეს. თუმცა გადამწყვეტი ხმის უფლება მაინც მხოლოდ სინოდის წევრებს აქვთ და რიგითი მღვდლები მხოლოდ კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობენ.
ასაკი, ეროვნება, სასულიერო განათლება და ბერობა - ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის დაცვასაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება ითხოვს. ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი შეიძლება მხოლოდ 40-დან 70 წლამდე მღვდელმთავარი იყოს. ეს ჩანაწერი უკვე გამორიცხავს არჩევნებში 9 ეპისკოპოსის მონაწილეობას.
კითხვის ნიშნის ქვეშაა მეუფე ანტონის კანდიდატურაც, მას 70 წელი 7 მაისს უსრულდება. ამ დროს კი შესაძლებელია პატრიარქის არჩევის პროცედურა დასრულებული არ იყოს.
მიტროპოლიტი გრიგოლი - ერისკაცობაში გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ფოთის და ხობის მიტროპოლიტია. წმინდა სინოდში დიდი გავლენები და ავტორიტეტი აქვს. მეუფე გრიგოლი საქართველოს საპატრიაქოში პარალელურად გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტს თავმჯდომარეობს.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი - მასაც წმინდა სინოდის წევრთა დიდ ჯგუფთან აქვს მჭიდრო კავშირი, მეუფე დანიელს ახლო ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთანაც. თუმცა რამდენად მოხდება მისი კანდიდატურის დაყენება, რთული სათქმელია, რადგან ის უკვე 70 წლის არის და ივლისში 71 წელი უსრულდება.
მეუფე ანდრია - გორისა და ატენის ეპარქიის წინამძღოლი, ის საპატრიარქოში ქონების მართვის სამსახური ხელმძღვანელობს. მეუფე ანდრია ერთ ერთი იყო, ვინც ილია მეორეს სიცოცხლეშივე საპატრიარქოს მართვაში მონაწილებდა და მრავამილიონიანი ქონებების განაკრგვა ჰქონდა ჩაბარებული.
მეუფე იაკობი ჯერ დუმს, თუმცა მისი ხმა როგორც წესი, წმინდა სინოდში ყველაზე ხმამაღლა ისმის. ჩვენი ინფორმაციით ის არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის ნომინირებას საქარველოს პატრიარქად, თუმცა ახალი პატრიარქის ასარჩევად, ყოფილი ქორეპისკოპისის სიტყვა მნიშვნელოვანი იქნება.
ბოლო პერეიოდში ყველაზე მეტად მეუფე დიმიტრი დაზარალდა, რადგან ციანიდის სკანდალთან დაკავშირებით დაკავებული მღვდელი მამა გიორგი მამალაძე მისი სულიერი შვილი იყო. პატრიარქის დაცვის უფროსი კი მეუფის ქალიშვილის ქმარი. საბოლოოდ, ციანიდის სკანდალის ფონზე მეუფე დიმიტრიმ განცხადება გააკეთა, რომ ის პატრიარქობას არ აპირებდა.
ერთ-ერთ კანდიდატურად მეუფე გერასიმეც სახელდება. ის ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსია და საპატრიარქოს საგარეო სამსახურს ხელმძღვანელობს.
დაბოლოს უმთავრესი კანდიდატურა არის მეუფე შიო მუჯირი, რომელიც 57 წლისაა და 2017 წლიდან პატრიარქის თანამოსაყდრეა. იგი ილია მეორემ თავის სიცოცხლეშივე სხვა მღვდელმთავრებს შორის გამოარჩია.
"ტვ პირველი"