
ხელისუფლების დამხობის საქმეზე ბრალდებულმა ბექა მაჭავარიანმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მაჭავარიანი არ უარყოფს, რომ 4 ოქტომბერს ძალას გადაამეტა და ასევე მას ექსპეტიზის დასკვნით შეურაცხადობა დაუდგინდა, დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ბრალდებულს ციხის კარს გაუხსნიან. პირობითი მსჯავრი 3 წლის ვადით და დარბაზიდან გათავისუფლება - ეს არის მოთხოვნა, რაზეც დაცვის მხარე პროკურატურასთან შუამდგომლობს.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ წერილობით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოვითხოვეთ პირობითი მსჯავრით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება. რაც შეეხება მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების ნაწილში, ბექა მაჭავარიანი არ უარყოფს, რომ აქციაში იღებდა მონაწილეობას. მან გადაამეტა კიდეც ქმედება და დაუპირისპირდა პოლიციის თანამშრომლებს, მაგრამ თვით ექსპერტის დასკვნაც ადასტურებს იმას, რომ ბრალად შერაცხული ქმედების დროს ის კონტროლს ვერ უწევდა საკუთარ თავს და დაავადებულია შიზოფრენიული დაავადებით. ველოდებით პასუხს, დიდი ალბათობით, გაითვალსიწინებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენი პირობები არის პირობითი მსჯავრი 3 წლის ვადით და დარბაზიდან გათავისუფლება“, - ამბობს ადვოკატი.
ხელისუფლების დამხობის საქმეზე 13 პირის პროცესი დღეს პოლიციელების დაკითხვით გაგრძელდება. პროკურატურას სასამართლოში ორი მოწმე ჰყავს მიყვანილი. ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.