რეზონანსი
25.03.2026

კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, გვიან ღამით, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარი გააღებინა, იქ გახლდით მეც, ბავშვი ვიყავი. ტრაპეზზე როდესაც დააბრძანა ტომოსი და ავტოკეფალიის აღიარების ფიდმანი, პატრიარქმა რამდენიმე სიტყვა თქვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა შემდეგი ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ჟვანიას თქმით, პატრიარქმა ზუსტად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობაც.

„დღეს ისტორიული დღის აღნიშვნაა, ამ ისტორიულ დღეს მრავალი კათოლიკოს-პატრიარქის შრომა შეეწირა, თუმცა დააგვირგვინა მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ. ეს არ ყოფილა პროცესი, როდესაც იგი ერთხელ ეწვია კონსტანტინეპოლის ეკლესიას და შემდეგ პასუხი მიიღო. ​ეპისტოლარულ მიმოწერას თუ ნახავთ, ათწლეულების მანძილზე, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა წერილში ნახსენებია სიტყვები: „პრობლემა“, „კამათი“, „საპრობლემო საკითხი“ და სხვა მსგავსი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეარჩია კონკრეტული ტაქტიკა: იგი მსოფლიო ეკლესიების მეთაურებს ეუბნებოდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და პატრიარქის ტიტული მათი მხრიდან თუ არ იქნებოდა აღიარებული, ეს სერიოზულ პრობლემად იქცეოდა ეკლესიებს შორის ურთიერთობაში. მართალია, ეს პირდაპირ სიტყვებით არ ჩანდა, მაგრამ მიხვდებით, რომ ზუსტად მთელი შინაარსი ამ მოძრაობისა, რომელიც მან წამოიწყო მსოფლიოში არა მარტო ერთი მიმართულებით, სწორედ ამას ნიშნავდა. საბოლოოდ, 1990 წელს იქნა აღიარებული.

კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, გვიან ღამით, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარი გააღებინეს, მეც იქ ვიმყოფებოდი, ბავშვი ვიყავი. ტრაპეზზე როდესაც დააბრძანა ეს ტომოსი და ავტოკეფალიის აღიარების ფიდმანი, პატრიარქმა რამდენიმე სიტყვა თქვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა შემდეგი ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“. მან ზუსტად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობაც“, – აღნიშნა ჟვანიამ.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს ყველასთვის კვლავ მძიმე დღეა.

„პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა. სინოდის წევრებმა და საპატრიარქო ტახტის დროებითმა მმართველმა, მეუფე შიომ აღავლინეს ლოცვა და ჩვენც ყველამ მათთან ერთად ვილოცეთ მისი უწმინდესობის სულის ცხონებისთვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ იგი უკვე ცხონებულია, უფრო მეტიც, თუმცა ეს არის ტრადიცია, როდესაც ჩვენ ველოდებით მე-40 დღეს, მიცვალებულის უფალთან მიახლების დღეს. დარწმუნებული ვარ, მისი სიწმინდე და წმინდანობა გამოჩნდება კიდევ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალურად, ისე საზოგადოდაც. ხალხის უწყვეტი ნაკადიც პატივისცემის გამოხატულების გარდა, არის მისი სიწმინდისა და წმინდანობის აღიარებაც“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×