
პროცესის დახურვა იმის მანიშნებელია, რომ პროცესის ორგანიზატორებს არ სურთ საზოგადოებამ იცოდეს პროცესის უკან რა სიყალბეა , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომების დახურვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, პროცესის დახურვა ნიშნავს
“ის, რასაც ვაკვირდებით და რაშიც მონაწილეობას ვიღებთ, პოლიტიკური ლიდერების გასამართლება, სრულიად წარმოუდგენელი, მოგონილი ბრალდებით, არის პირდაპირი ბრძოლა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტ ზიანს, რასაც ახლა ჩვენი სახელმწიფო იღებს, ასეთი მოგონილი პროცესის გამო, ვერ წარმომიდგენია, რა შემთხვევაში მიიღებს ჩვენი ქვეყანა. გრძელდება პროცესი წარმოუდგენელი სიყალბით. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პროკურატურის წარმადგენლების განცხადება, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ ექნება.
სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს გეგმავენ, ამით ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენ სახელმწიფოს. რაც შეეხება პროცესის დახურვას, ეს იმის მანიშნებელია რომ პროცესის ორგანიზატორებს არ სურთ საზოგადოებამ იცოდეს ამ პროცესის უკან რა სიყალბეა",- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.