
ადვოკატ ხათუნა ხურცილავას განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, რომ ზიანი აანაზღაუროს.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, პროკურატურას დღეს მიმართავენ.
„ჩვენ მზად ვართ ზიანი ავანაზღაუროთ. რაც შეეხება სასჯელს, რატომ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელი? პირობითით ვითხოვთ გათავისუფლებას, დეტალებს გავივლით“, - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეს პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.