
თუ შეიძლება, თუ მაქვს ამის უფლება, ოჯახს ვუსამძიმრებ, მართლა დიდი ტრაგედია დაგვატყდა ორივე ოჯახს. გულწრფელად და ადამიანურად ვუსამძიმრებ ოჯახს, - ასე დაიწყო სასამართლოში ჩვენების მიცემა ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის", 25 წლის თეკლა გერსამიას დედამ, ილონა ლეჟავამ.
„სალონში ვიმყოფებოდი. თეკლამ დამირეკა ტელეფონზე, ძალიან ცუდად ისმოდა თვითონ ტელეფონშიც ხმა და თეკლაც გამართულად არ საუბრობდა, ნუცას შვილი ახსენებდა, ტირილის ხმაც გავიგე, მეუბნებოდა - მოდი, მოდი. რაღაც მომენტში სახელი ლუკაც ახსენა. ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი დედასთან და ოჯახთან, ისეთი რაღაცების თქმა მომიწევს, რაც მათთვის კარგი მოსასმენი არ იქნება.
თეკლას მეგობარია - ეთო სიაშვილი, მისი შეყვარებული იყო ლადო, მათ სამეგობროში გაიცნო თეკლამ ლუკა, ვმეგობრობთ, ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ვეხმარებიო, ასე მითხრა. აქვს პირობითი, ნასამართლევია ნარკოტიკებზე, ციხეშიც იჯდაო, ადვოკატებთან პირობითზე აქვს რაღაც პრობლემები, ისეთი არაფერიო. თეკლას რომ ვურეკავდი, ხან მითიშავდა, ხან არ მპასუხობდა. დედის გული სხვანაირად გრძნობს რაღაცებს, რაღაცები არ მომწონდა, ჩემგან გაუცხოვდა, თეკლა ისეთ ასაკში გავაჩინე, ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთი გავზარდეთ. დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ თეკლასთან ლუკა იყო მისული, კარის სახელური მოუნგრევია. თეკლამ მითხრა, მე მგონი, ამ ბიჭს ვუყვარვარ და ეჭვიანობის გამო კონფლიქტი მოგვივიდაო",- განაცხადა ლეჟავამ.
მისივე თქმით, მან გადაწყვიტა ლუკა დარასელია ენახა, მანამდე კი შვილს ჰკითხა, როგორ ამოეცნო.
„ხელი ექნება შეხვეული, ამას წინათ ხელი დაისერაო, მითხრა თეკლამ... ლუკას შევხვდი, ვუთხარი თეკლას მეუღლე ჰყავს და მეგობრობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გრძნობები, სახლში მისვლები არ გინდა-მეთქი. ირონიული სახით გამომხედა, არ ინერვიულოთ ქალბატონო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ვუთხარი, რომ თეკლასთან ურთიერთობა გაეწყვიტა, რადგან მათი ურთიერთობა მეგობრობას გაცდა... სიყვარულზე მითხრა, ხომ ხდება ადამიანებს ადამიანები უყვართო",- განაცხადა ლეჟავამ.
მისივე თქმით, ის ლუკა დარასელიას ოჯახის წევრებს დაუკავშირდა, კერძოდ კი, დას, მას შემდეგ, რაც მამასთან კონტაქტზე ვერ გავიდა. ბრალდებულის დედის თქმით, მან დარასელია გააფრთხილა, მის შვილთან კომუნიკაცია გაეწყვიტა, თუკი, პრობლემები არ უნდოდა, ვინაიდან მას მოქმედი პირობითი მსჯავრი ჰქონდა.
„ლუკას ხელების გადასერვაზე ვკითხე თეკლას. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, თუ დაგვაშორებენ თავს არ ვიცოცხლებო, მითხრაო. თეკლას ვუთხარი, ჯერ ძალიან ცოტა ხანია ერთმანეთს იცნობთ, თან ხომ იცის რომ შენი მეუღლე ციხეშია-მეთქი. ვუთხარი, კიდევ ერთხელ თუ მოვიდა, ან მსგავსი ქმედება განხორციელდა, დამირეკე, ან პოლიციაში დარეკე, შემაკავებელს გამოვაწერინებ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, ადამიანს ვუყვარვარ და ამის გამო ციხეში გავუშვაო?
ეგ რომ ციხეში გავუშვა, დედამისი დამწყევლისო, წყევლისაც ეშინოდა. ამიტომ მინდოდა ლუკას დედასთან საუბარი, მინდოდა მის მშობლებს ეს ცოდნოდა, ალბათ, ეს კომუნიკაცია რომ შემდგარიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა არც მათთვის და არც ჩემთვის",- განაცხადა ლეჟავამ.
ინტერპრესნიუსი