
ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია კორპუსის ფასადები, ავტომობილები, წაქცეულია ხეები... უამინდობაა, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. არის თუ არა მკვეთრი ცვლილებები და როგორი ამინდები იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი გვესაუბრა...
29 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში 17-22 გრადუსის ფრაგლებში.
30 მარტიდან კვლავ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, კვლავ აციებას, წვიმას, დასავლეთის მიმართულების ქარს, ზოგგან ძლიერს, ტემპერატურა კვლავ დაიწევს, 10-15 გრადუსი, კიდევ უფრო ნაკლებიც, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
31 მარტს შედარებით გამოიდარებს, ნალექის თვალსაზრისით, თუმცა დასავლეთის ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. 1 და 2 აპრილს კვლავ უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში 20-22 გრადუსი იქნება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ველოდებით ამინდის გაუარესებას.
3 აპრილიდან წვიმა, ქარია მოსალოდნელი. ასე რომ მომდევნო კვირაში ცვალებადი ამინდი გველის, მონაცვლეობით წვიმიანი, ქარიანი, შედარებით უფრო ცივი დღეები, ასეთ ამინდებს შორის თბილი და უნალექო დღეები. აპრილის პირველი დღეები უფრო მეტად ნალექიანი იქნება, ვიდრე უნალექო. მიუხედავად ნალექიანი დღეებისა, მაინც ველოდებით ტემპერატურის საკმაოდ მაღალ ნიშნულამდე მომატებას.
წყარო: „Ambebi.ge“