რეზონანსი
01.04.2026

26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის, მიუღებელია - მნიშვნელოვანია, რომ რაღაც თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის” მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 26 მაისის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრები და მათთან მუდმივად საუბარი, თუმცა საქართველოს ბედი და ჩვენი პოლიტიკური ვითარება უნდა წყდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მიერ. ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი - ჩვენი ქვეყნის ბედი მშვიდობიანი ფორმით გადაწყდეს. 

რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ეროვნული დატვირთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა არის ზეპარტიული საკითხები და ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. შესაბამისად, 26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის, მიუღებელია. ეს დღე არის ჩვენი და ჩვენი ხალხის დღე. მნიშვნელოვანია, რომ რაღაც თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა. ჩვენთვის შარშანაც 26 მაისი უმნიშვნელოვანესი, ეროვნული მნიშვნელობის მატარებელი დღე იყო. არ მახსოვს აქციის ფორმა ჰქონდა ამას თუ რა ფორმა ჰქონდა, თუმცა იმას, კონკრეტული ადამიანი მონაწილეობს თუ არა ამ პროცესში, მგონი ნაკლებად აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×