რეზონანსი
01.04.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სსფ-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.

„საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3%-ია და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის შედეგადაც დაზოგილი ათობით მილიონი ლარი სექტორის განვითარებაში იქნება ინვესტირებული.

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×