
ხელისუფლებას რომ რეაქცია არ ჰქონდა ირანის ელჩის განცხადებაზე, ძალიან გასაკვირია, ელჩი მაინც უნდა დაებარებინათ საგარეო საქმეთა სამინისტროში , - ამის შესახებ ყოფილმა დიპლომატმა, „ჯეოქეისის” მკვლევარმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ნიკოლოზ ხატიაშვილის განცხადებით, ირანის ელჩ ალი მოჯანის განცხადება საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა იყო.
„ირანის ელჩის განცხადებაში ისეთი საუბარი იყო, თითქოს საქართველო დათანხმდა რაღაც პირობებს აშშ-სთან და თითქოს მათ ამის შესახებ გაიგეს. რეაქცია რომ არ ჰქონდა[ხელისუფლებას] , ძალიან გასაკვირია. ელჩი მაინც უნდა დაებარებინათ საგარეო საქმეთა სამინისტროში. როდესაც ვხედავთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან გარკვეულ კრიტიკას და ამ კრიტიკის გამო იბარებენ მაგათ ელჩებს სამინისტროში და მტრად შერაცხავენ ხოლმე და აბრალებენ ხოლმე რომ ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში. რეალური ჩარევა ჩვენს სუვერენიტეტში იყო ეს განცხადება, რაზეც რეაგირებაც არ ყოფილა. მინიმუმ ელჩი მაინც დაებარებინათ და ახსნა-განმარტება მოეთხოვათ, რატომ გააკეთა ასეთ განცხადება და რა მიზნები ამოძრავებდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება საფრთხეში აღმოვჩნდეთ ამ ომის კონტექსტში, ნიკოლოზ ხატიაშვილი აცხადებს, რომ ეს საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელია.
„იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგი ურთიერთობები აქვს ირანთან და შესაბამისად, არ განიხილება საქართველო როგორც მტრული სახელმწიფო. ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია რაიმე სახის საფრთხის წინაშე დადგეს საქართველო. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, როდესაც ჩვენს რეგიონში ომი მიმდინარეობს, მაგრამ პოლიტიკური კუთხით და არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, არა მგონია, საქართველოს რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.