
სინოდის დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული სამი კანდიდატის გამოსარჩევად. სინოდის დღევანდელი სხდომა დაეთმობა პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, სინოდზე სამი კანდიდატის გამოცხადება მას შემდეგ მოხდება, რაც მათ კენჭს უყრიან.
„როგორც მოგეხსენებათ, დებულებით გაფართოებული კრება პატრიარქის გარდაცვალების დღიდან ორი თვის შუალედში უნდა ჩატარდეს. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა, ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად დებულების მიხედვით. რაც შეეხება საკითხებს, რომელზედაც სხვადასხა აზრი არსებობს, გეტყვით, რომ ყველა მღვდელმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა და დიდი სიყვარული აკავშირებთ კათოლიკოს-პატრიარქთან და მის მიერ დატოვებულ ამ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება. ასეთია საერთო განწყობა და უნდა ველოდოთ, რომ ყველა თემა ამ ერთობით და პასუხისმგებლობით იქნება შეჯერებული. სინოდი შესთხოვს ღმერთს, რომ სულიწმინდის მადლით მოხდეს ყველა საჭირო საკითხების გადაწყვეტა, ისე, როგორც შეშვენის ეკლესიას და ქრისტიანულ წყობას. სავარუდოდ, დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, სინოდის წევრები საკითხების დასაზუსტებლად იკრიბებიან.
„სინოდის წევრები საკითხების დასაზუსტებლად იკრიბებიან, როდესაც სინოდი სამი კანდიდატის გამოსარჩევად რომ შეიკრობება, აღარ იყოს სამსჯელო, არამედ არჩევა მოხდეს. სამი კანდიდატის გამოსარჩევი სხდომა საპატრიარქოში ჩატარდება, ხოლო იმსჯელებენ იმაზეც, სად უნდა ჩატარდეს გაფართოებული სხდომა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.