რეზონანსი
03.04.2026

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაამწვავა ნატო-ს მიმართ მუქარა მისი მოკავშირეების მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებაში ჩართვაზე უარის თქმის გამო და განაცხადა, რომ შტატები ალიანსს დატოვებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პოლიტიკო“ ექსპერტებს, იურისტებსა და ნატო-ს ოფიციალურ პირებს ესაუბრა, რომლებმაც აღწერეს ტრამპის შესაძლო ვარიანტები, შეაფასეს მათი მიზანშეწონილობა და ნატო-სთვის პოტენციური ზიანი. გამოცემა ასახელებს ხუთ გზას, რომლითაც ტრამპს ნატო-ს განადგურება შეუძლია.

„1. რიტორიკის გაძლიერება. ამ სცენარის მიხედვით, დონალდ ტრამპი ალიანსის წევრების მიმართ კრიტიკასა და მუქარას გააძლიერებს. გამოცემა წერს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ალიანსს ეჭვქვეშ აყენებს, ეს სერიოზულად ძირს უთხრის ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის სანდოობას.

2. იმოქმედოს როგორც დაბრკოლებამ. ტრამპმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ ნატო-ს მოკავშირეებისთვის ცხოვრება გაართულოს რადიკალური ზომების გარეშე. ვაშინგტონს ასევე შეუძლია, უარი თქვას ნატო-ს საერთო ბიუჯეტში შენატანის განხორციელებაზე.

3. ამერიკული ჯარების გაყვანა. ვაშინგტონმა შესაძლოა, ასევე გადაწყვიტოს თავისი ჯარების ევროპიდან გაყვანა. ამჟამად კონტინენტზე 67 500-დან 85 000-მდე ამერიკელი სამხედროა განლაგებული, რომლებიც, სულ მცირე, 31 მუდმივ ბაზასა და 19 სამხედრო ობიექტზე იმყოფებიან. „ტრამპი ჯარების მაქსიმალურ რაოდენობას, დაახლოებით 9 000-ს თუ გაიყვანს, ეს ალიანსისთვის „გონივრულ“ რისკს შექმნის, მაგრამ არა კატასტროფულს“, - განაცხადა თავდაცვის ექსპერტმა და ნატო-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ედ არნოლდმა.

4. რბილი გასვლა. ტრამპს ასევე შეუძლია, ალიანსი ფორმალური გასვლის გარეშე დააჩოქოს. აშშ-ს შეუძლია, გამოვიდეს ნატო-ს ოთხწლიანი სამხედრო დაგეგმვის ციკლიდან, რომელიც განსაზღვრავს, რა აღჭურვილობა და რა რაოდენობის ჯარი უნდა გამოყოს თითოეულმა წევრმა თავდასხმის შემთხვევაში. ასევე, აშშ-ს შეუძლია ნატო-ს შეხვედრების ბოიკოტი ან დელეგაციის გაწვევა. ეს ალიანსისთვის „ძალიან დამანგრეველი“ იქნება.

5. რთული გასვლა. ნატო-დან ოფიციალური გასვლა სავსეა სერიოზული იურიდიული დაბრკოლებებით: სენატის ორი მესამედის მხარდაჭერა აუცილებელია ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-13 მუხლის ამოქმედებისთვის, რაც ერთ წელს გრძელდება. თუმცა, „პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ასევე შეუძლია, ცალმხრივად გამოვიდეს ხელშეკრულებებიდან, როგორც ეს დონალდ ტრამპმა 2020 წელს გააკეთა, როდესაც გადაწყვიტა „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც თვითმფრინავების ორმხრივ მეთვალყურეობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×