
ჩვენი ინტერესების წარდგენითა და ამერიკელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოზე შევთანხმდეთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ პირობების წამოყენებაზე, არც ჩვენი და არც მათი მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო შინაარსით უნდა იყოს გაჯერებული.
„აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი ჩვენ ვიყავით, რაც არაერთხელ დაგვიდასტურებია. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები ისე გააფუჭა და იმ დონემდე დაიყვანა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ახალ ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს, რომ ეს გამოსწორდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ერთ-ერთი ინდიკატორი რაც დავასახელეთ, ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაა. ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა. მოლოდინი გვაქვს, რომ ახლა უკვე მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა იყოს პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. აპრილში ველოდებით, რომ შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისკენ იქნება მიმართული. ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა დონისა და შინაარსის ვიზიტები გახშირებულია. მიზანია არა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, არამედ საქართველოსა და ამერიკას შორის იმ პარტნიორობის არსებობა, რაც დამყარებული იქნება ურთიერთინტერესებზე.
სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ფორმალური ჩარჩო ურთიერთობისა, ეპითეტისთვის არ გვჭირდება, რადგან თავის დროზე შინაარსი დატვირთული არ იყო. სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი 2009 წელს მოეწერა, აგვისტოს ომის შემდეგ. ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის, წაგებული ომის შემდეგ. ეს შინაარსით არასოდეს შევსებულა ისე, როგორც ეს უნდა ყოფილიყო სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, რაც ორივე ერის ინტერესებზე დაყრდნობილი იქნება, რა მოლოდინები გვაქვს და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას. ჩვენ ამ დიალოგისთვის გახსნილი ვართ. მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის საუბარი აჩვენებს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისთვის, რაც ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. ამ ყველაფერმა ცოტა დაიგვიანა, მაგრამ ვნახეთ, რომ სხვადასხვა კრიზისი განვითარდა. ამიტომ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენი ინტერესების წარდგენითა და ამერიკელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოზე შევანხმდეთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ პირობების წამოყენებაზე, არც ჩვენი და არც მათი მხრიდან, არანაირი პირობა წამოყენებული არ არის და ეს არ შეეფერება იმ სულისკვეთებას, რაც ჩვენი მხრიდანაა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდანაც გამოჩნდა, მათ შორის ამ სატელეფონო საუბრით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.