რეზონანსი
03.04.2026

გუშინ რაც მოხდა ლილოს  მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან  სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„გარდა ამისა, ლილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ხდება გაფართოება და გვექნება ძალიან მალე შესაძლებლობა  დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით და  აწუხებს საზოგადოებას, ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე სპეკულაციას უწოდებს ბოლო დღეებში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ  რაც თბილისი მერიამ ბოლო წლების განმავლობაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციასთან დაკავშირებით სამუშაოები ჩაატარა, ასეთი არასდროს ჩატარებულა. 

„მე გუშინ  ვისაუბრე და დღესაც გავიმეორებ, სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა არასდროს არ გაკეთებულა, რაც,  რა თქმა უნდა, მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ იმ ტიპის ქმედებები, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ იყო სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება, ეს არ არის სწორი და კატეგორიულად მიუღებელია. ამ ტიპის ქმედებებით, განცხადებებით და გადადგმული ნაბიჯებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც  ძაღლების, მიუსაფარი ცხოველების მიმართ არ შეიძლება იმ ტიპის  დამოკიდებულება, რომელიც  ჩვენ გუშინ იქ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×