
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება. მისივე თქმით, ჩამოყალიბდა სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო კომისიები.
„დღევანდელი სინოდის სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას. სხდომაზე შემდეგი სინოდისთვის და გაფართოებული კრების გასამართად განისაზღვრა გარკვეული პროცედურები. მათ შორის, სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო კომისიები. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მან ასევე განმარტა თუ რატომ დადგა კომისიების ჩამოყალიბების საჭიროება, აღნიშნა რომ საორგანიზაციო მიმართულებით არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი და მნიშვნელოვანი იყო სინოდის წევრებს შორის საკითხზე შეთანხმება.
„კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს მის ფუნქციაზე, ეს პროცესი რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება არ არიას მარტივი პროცესი. ხმები უნდა დაითვალოს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება - მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი, არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე, ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო შეთანხმება ამ თემებზე“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.