რეზონანსი
03.04.2026

პეტრე ცაავას საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში მონაწილეობა სურს. მის წერილს სოციალურ ქსელში იღუმენია თამარ გამყრელიძე ავრცელებს:

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს

მე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსში მყოფი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), წარმოგიდგენთ წინამდებარე მიმართვას:

ხელდასხმის წმინდა საიდუმლოს მადლით ჩემზე მინიჭებული წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი იესო ქრისტეს ეკლესიის წინაშე გამოვხატო მზაობა, რათა სამოციქულო კანონებისა და კანონიკური ტრადიციის შესაბამისად, სრულფასოვანი ხმის უფლებით, მონაწილეობა მივიღო საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჩემზე დაკისრებული მრავალგზისი მსჯავრი ეწინააღმდეგება მოციქულთა 25-ე კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვით ერთი დანაშაულისთვის ორგზისი დასჯა დაუშვებელია.

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოძღვრების თანახმად, ეპისკოპოსს წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილება ენიჭება ხელდასხმის საიდუმლოთი, და ეს უფლება კანონით შეუზღუდავია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა: ა) მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან განდგომა (ერესი); ბ) ფსიქიკური უუნარობა; გ) კანონიკური წესით მღვდელთმთავრობიდან განკვეთა.

ეპისკოპოსი ხელდასხმის მომენტიდან სინოდის წევრია, არა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, არამედ ხელდასხმის საიდუმლოს მადლით. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, საღვთო მადლი ზეაღმატებულია საეკლესიო კანონმდებლობაზე!

ველი თქვენს წერილობით პასუხს კანონიკური ნორმებით გათვალისწინებულ ვადებში", წერს პეტრე ცაავა წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×