
გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ აპირებს წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას, მან გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს და საქმის კურსში ჩააყენოს. ახალი წესი 2026 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.
მანამდე მოქმედი კანონით, ასეთი ნებართვის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იყო სავალდებულო, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების ან ნატოს გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციაა, ან არსებობს გარე ძალების მხრიდან თავდასხმის საფრთხე.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება ახალი კანონის აღსრულება, რადგან გერმანიის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ამ ცვლილების შესახებ არ იცის. ასევე გაურკვეველია, რა სახის სანქცია დაეკისრებათ ახალი რეგულაციის დამრღვევ პირებს.