
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნამდვილი კულტურული აფეთქება მოხდა. რობერტ სტურუამ მაყურებელს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის საკუთარი ხედვა - "ვეფხისტყაოსანი" წარუდგინა.
თუმცა, ოფიციალურ აღიარებასთან ერთად, სპექტაკლს სკანდალური გამოხმაურებაც მოჰყვა - განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში თინათინის როლის შემსრულებელი, ქეთი სვანიძე მოექცა.
საინტერესოა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მისი და რობერტ სტურუას პირველი თანამშრომლობა არ არის - ქეთი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მაესტრომ ოპერის თეატრში დადგმულ „კარმენში“ ათამაშა.
"მაშინ ვერ აღვიქვამდი, რამდენად დიდ ადამიანებთან მქონდა შეხება, თუმცა ამან ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. რუსთაველის თეატრის მსახიობობა ჩემი დიდი ოცნება იყო, რომლისაც მრცხვენოდა კიდეც, რადგან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა,“ - ამბობს მსახიობი.
სპექტაკლის პრემიერის შემდეგ სოციალურ ქსელებში ნამდვილი დაპირისპირება დაიწყო. მაყურებლის ნაწილმა თინათინისა და ავთანდილის (ლევან ხურცია) სცენები ზედმეტად ეროტიკულად მიიჩნია.
კითხვაზე - სად გადის მსახიობისთვის ზღვარი, ქეთი 2024 წლის ინტერვიუშიც გულწრფელად პასუხობს. მისი თქმით, ის არასოდეს ითამაშებს ისეთ რამეს, რაც "სასირცხვილო" იქნება, თუმცა პროფესიული თავდადება მისთვის უპირველესია.
"...ნამდვილად გამიმართლა, რადგან ჩემი მეუღლე ყველაფერში მომყვება და მაქსიმალურად მიწყობს ხელს. უხარია და ამაყობს კიდეც. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ შიშები არ მაწუხებს. „ეს რომ ვითამაშო, ჩემი მეუღლე გაბრაზდება?“ – მსგავსი ფიქრები რომ მქონდეს, ძალიან რთული იქნებოდა. პირველ რიგში, მე თვითონ არ ვითამაშებ ისეთ რამეს, რომ ვინმესთვის სასირცხვილო იყოს, თუმცა შეიძლება, ელემენტარულიც ვერ გაგიგონ და ამას ურთიერთობაში ბევრი პრობლემა მოჰყვეს. მე ძალიან გამიმართლა!“
მსახიობისთვის მთავარი დასაყრდენი ოჯახია. მისი მეუღლე, ცნობილი ბავშვთა ქირურგი ზურაბ ძიძავაა. ქეთი აღნიშნავს, რომ სწორედ მეუღლის მხარდაჭერა აძლევს მას საშუალებას, სცენაზე სრულიად თავისუფალი იყოს.
"სანამ დედა არ გახდები, ამ გრძნობის მნიშვნელობას ვერასდროს მიხვდებიო – ეს ფრაზა ხშირად მესმოდა და მეგონა, რომ ვიგებდი, მაგრამ თურმე, ვცდებოდი. მართალი ყოფილა, სანამ თვითონ არ გამოცდი, ვერ აღიქვამ ისე, როგორც რეალურადაა. სამყარო შეიცვალა და ახლა ყველაფერი დანის გარშემო ტრიალებს.
ამაზე დიდი ბედნიერება, ცხოვრებაში არ მეგულება. ყველაფერს დანისთვის ვაკეთებ, მისთვის მინდა, რომ ვიყო წარმატებული და ჩემს პროფესიაშიც ისევ მისთვის მინდა ყველაფრის გაკეთება, რომ სამომავლოდ კარგად იცხოვროს, ბედნიერი და ლაღი იყოს. იმაში, თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს – ესმა მიქელაძეს. ჩვენ, ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან რთული გზა გავიარეთ და დედაჩემის მაგალითიდან გამომდინარე, ძალიან მინდა, მეც შევძლო ჩემი შვილისთვის კარგი დედობის გაწევა.“
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელმა კრიტიკის ტალღა ააგორა, ქეთი სვანიძის გვერდზე გულშემატკივრებისა და ხელოვნების მოყვარულების არანაკლებ მძლავრი მხარდაჭერა გამოჩნდა. კოლეგები და მაყურებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხელოვნება რთული ფენომენია, რომლის სიმარტივეც ხშირად მოჩვენებითია.
წყარო: ambebi.ge
