
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი სცენური ინტერპრეტაციის გარშემო ატეხილ დისკუსიას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს მისი მეუღლე ლევან ხურციაც თამაშობს.
"ვკითხულობ შეფასებებს ვეფხისტყაოსნის ახალი სცენური ინტერპრეტაციის შესახებ. ყველაზე ხმამაღალი დასკვნები მოდის მათგან, ვისაც სპექტაკლი სრულად არ უნახავს.
ჩემი სუბიექტური აზრით, თეატრი არ არის ტექსტის დეკორატიული გამეორება. თეატრი არის ინტერპრეტაციის სივრცე, სადაც კლასიკა ან ცოცხლდება, ან მუზეუმად იქცევა. იგი შეიძლება მოგეწონოს ან პირიქით, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელიცაა. სიძულვილის ენა და სალანძღავი სიტყვები კი მაინც მაოცებს.
რუსთაველის ტექსტი არის ძველი ენის და უაღრესად პოეტურად შეფუთული,
რაც ნიშნავს, რომ ის, რაც დღეს პირდაპირ ითქმებოდა, იქ ალეგორიებითა და მინიშნებებით არის გადმოცემული.
ამ სივრცეში ძალაუფლება და სიყვარული პარალელურად კი არ არსებობს - ისინი ერთმანეთშია გადაზრდილი. თინათინი სწორედ ამ ერთიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ინტელექტუალური სახეა:
მეფე, რომელიც ბრძანებს და ქალი, რომელიც გრძნობს.
ძალა და სიყვარული აქ არა კონფლიქტში, არამედ ბუნებრივ თანაარსებობაშია. და ეს არ არის თანამედროვე რეჟისორის „დამატება“ ,
ეს არის ის, რაც ტექსტშია, უბრალოდ ყოველთვის ასე აშკარად არ გვინახავს.
პოემაში სიყვარული არასოდეს არის მხოლოდ აბსტრაქტული და სულიერი.
ეს არის ძლიერი განცდა, რომელიც გმირს ამოძრავებს, ტანჯავს, აიძულებს მოქმედებას. ზოგჯერ ის იმდენად ძლიერია, რომ ფიზიკურ ტკივილსაც უტოლდება.
სწორედ ეს გრძნობის სიღრმე დავინახე რობერტ სტურუას გადაწყვეტაში. და ვინც ამ ენას მხოლოდ ზედაპირული აღქმით კითხულობს, ვფიქრობ, ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს.
ამ კონტექსტში, ეს სცენური გადაწყვეტა ჩემთვის არ არის პოემის დაკნინება, ეს არის მკაფიო, გააზრებული და დიახ - თამამი ინტერპრეტაცია.
მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა:
შეიძლება თუ არა შეფასება იქ, სადაც აღქმა არასრულია?
ფრაგმენტებით ნანახი სპექტაკლი არ არის სპექტაკლი - ის არის შთაბეჭდილება, ხშირად მცდარი.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ხელოვნება, რომელმაც ასეთი წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია, უკვე გასცდა „უბრალო სპექტაკლის“ ჩარჩოს, ის გახდა მოვლენა. და მოვლენებს, როგორც წესი, დრო უფრო ზუსტად აფასებს, ვიდრე პირველი ემოციური კომენტარები.
და ბოლოს, გულწრფელად. ეს იყო ძლიერი სცენური გადაწყვეტა, ზუსტად შეგრძნებული რიტმითა და მუსიკით, რომელიც არა მხოლოდ გასდევს მოქმედებას, არამედ ქმნის ემოციურ არქიტექტურას.
სპექტაკლი ძალიან სწრაფად დასრულდა - იმ იშვიათი განცდით, როცა დრო იკუმშება და მაყურებელი რჩება გაგრძელების მოლოდინში.
მეორე ნაწილის მიმართ ინტერესი უკვე არა უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა, არამედ მოთხოვნილება.
და დიახ - ასეთი წაკითხვისთვის, ასეთი სიმამაცისთვის, რობერტ სტურუას ეკუთვნის შოთას ენაზე ,,შაბაშ” რუსთაველის თეატრს" - დაწერა მარიამ კუბლაშვილმა.