რეზონანსი
16.04.2026

თურქეთში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის შემდეგ შეექმნა.

„მათ მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია, რა ხდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და რა გლობალურ გამოწვევებს შექმნის ომის გაგრძელება არა მხოლოდ ყურის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად, მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის საქართველოში არაბულ ინვესტიციას.

„არაბული მხარე კარგად ინფორმირებულია იმ მავნებლური ოპერაციის შესახებ, რომელიც საქართველოში არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ტარდება. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი სახის ბრალდებები ინვესტორებისთვის პრობლემას ქმნის და გვთხოვეს, ამას ყურადღება მივაქციოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი განმარტება გაკეთდა. ვუთხარით, რომ ზოგადად, მოსახლეობა ინვესტიციებს მიესალმება, თუმცა ეს არის პოლიტიკური ოპონენტების მარგინალი ჯგუფების მიერ წამოწყებული კამპანია, რომლის მიზანია ეკონომიკური და პოლიტიკური საბოტაჟი. არაბი პარტნიორები დავარწმუნეთ, რომ ინვესტიციებს პრობლემები არ შეექმნება. ამ
შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მავნებლური კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა ოპონენტების მიერ, რიგ შემთხვევაში, ინვესტორების წუხილს იწვევს. ოპონენტების ამოცანაა, საქართველოში ინვესტიციები არ შემოვიდეს, არ იყოს ეკონომიკური განვითარება და ინვესტორები დააფრთხონ, რათა შემდეგ ხელისუფლებას დააბრალონ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა არ არის, ამის ხარჯზე პოლიტიკური ქულები მოიპოვონ. მავნებლური და მოღალატეობრივი კამპანიაა, როცა ეს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×