
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა.
მისი განცხადებით, ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია, რადგან ის პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური სექტორის საფუძველს წარმოადგენს.
მეზურნიშვილის თქმით, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიც აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს და ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობა სრულად დაინერგოს.
“როგორც მოგეხსენებათ ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია, რადგან ის პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური სექტორის საფუძველს წარმოადგენს. ენერგიის ფასი, ხარისხი და უწყვეტობა პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.
ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში. მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობას.
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და მუშაობს იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს და ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობა სრულად დაინერგოს.” - განაცხადა მეზურნიშვილმა.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს ერთიანი, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შესაქმნელად.
2025 წელს საქართველო პირველად ასრულებდა ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციას.