რეზონანსი
16.04.2026

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და "ბაზისბანკის" გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ დღეს ბანკის გასხვისების შეთანხმებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი. დღეს საღამოს გამართულ მიღებაზე განაცხადა, რომ მხარეები გარიგების შესახებ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდნენ და მიღწეული შედეგი მთლიანად საქართველოს საბანკო სისტემისთვის და ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი.

"წელიწადნახევარია ამ გარიგებაზე ვმუშაობდით, ბატონ დავით ცაავასთან ერთად და მივიყვანეთ ბოლომდე. მე ვფიქრობ, ეს არის კარგი ჩვენთვის, როგორც ინვესტორისთვის, რომელმაც ეს ბანკი რვა წლის წინ იყიდა და ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან კარგი “ბაზისბანკისთვის” და მისი მფლობელებისთვის და ძალიან კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ფაქტობრივად ორჯერ იზრდება მესამე ბანკის მოცულობა. მეტი რაღაცის გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალცალკე შეეძლო. 

“ლიბერთის” გაყიდვაზე სინანული მაქვს, რადგან დიდი სამუშაო გასწია “ლიბერთის” გუნდმა, რომ იქამდე მიგვეყვანა, სადაც ახლა არის. როდესაც ბანკი ვიყიდეთ მისი აქტივები იყო 1.7 მილიარდი ლარი, დღეს კი 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკი იყო მხოლოდ ერთი პროდუქტის - მიკროკრედიტების გარშემო შექმნილი და ჰქონდა უზარმაზარი პორტფელი საპენსიო სესხების და ეს იყო ძალიან ძვირი - 70-100% იყო ამ კრედიტების განაკვეთი და ჩვენ შევძელით განაკვეთის შემცირება, ხოლო საპენსიო სესხები ბანკის კრედიტების მხოლოდ 10%-ია. 

ჩვენ საერთოდ გავდივართ, არ ვიტოვებთ წილს. ჩვენ ამ ფულს მიწაში არ ჩავფლავთ და რაიმე საინტერესოს გავაკეთებთ და რაიმე სხვას ვიყიდით. ახალი პროექტები გვაქვს საქართველოში, რომლებიც ძალიან გვინდა რომ გავაკეთოთ," - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი, რაც სისტემის 10.9%-ია, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი კი ასევე 8 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 11.5%-ია.

bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×