რეზონანსი
20.04.2026

 პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გადაცემაში "დებატები" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა, გამოყენებული ყოფილიყო პროქსი სახელმწიფოდ, ისევე როგორც გამოიყენეს უკრაინა.

როგორც ლევან მაჭავარიანი ამბობს, სწორედ აქედან გამომდინარე არის ის დეზინფორმაციის ნიაღვარი, ის ბრალდებები, რომელიც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში.

მაჭავარიანის განცხადებით, 2030 წლისთვის, როდესაც არის დაგეგმილი შემდგომი გაფართოება, საქართველო გაატარებს ყველა რეფორმას, რათა შემდგომი გაფართოების დროს, ქვეყანა იყოს დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის ყველზე უკეთ მომზადებული.

"რამდენი უსამართლობა ვიხილეთ ჩვენ მათი მხრიდან, რამდენი გავრცელებული დეზინფორმაცია, რამდენი ორმაგი სტანდარტი, ეს კიდევ ცალკე დებატების თემაა. ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული მხოლოდ ერთ რაღაცასთან, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რომ გამოყენებული ვყოფილიყავით პროქსი სახელმწიფოდ, ისევე როგორც გამოიყენეს უკრაინა. მხოლოდ აქედან გამომდინარე არის ის დეზინფორმაციის ნიაღვარი, ის ბრალდებები, ის შანტაჟი, რომელიც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ტრანსფორმაცია მოხდება ევროკავშირში, ჩვენ ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პრეტენზიები გვაქვს.

ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან. ვინაიდან, ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მიდგომები შეიცვლება აუცილებლად ევროკავშირში, ისევე როგორც ეს ყველაფერი შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინაიდან, ის ძირითადი საფრთხეები და რისკები, რაც არსებობს დღეს ევროკავშირში ამ მმართველი კლასის პირობებში, ის რაღაც სიმახინჯე ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია და პროპაგანდა, ეს უკონტროლო არალეგალური მიგრაცია და ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან, იგივე იაფ რესურსებზე უარის თქმა და ეკონომიკის ძალიან ნელი ტემპებით განვითარება და ა.შ. ამ ყველაფერზე უარი განაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როდესაც აირჩიეს ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ამის ნიშნებიც შეიმჩნევა ევროპაში, რომ ევროპელი ხალხიც მიბაძავს ამერიკელ ხალხს და შესაბამისად, ის ცვლილებები, რა ცვლილებებიც აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს ცვლილებები მოხდება და 2030 წლისთვის, როდესაც არის დაგეგმილი შემდგომი გაფართოება ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა ეს, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ პარალელურ რეჟიმში გავატაროთ ყველა ის რეფორმა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შევასრულოთ, გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, რომ 2030 წელს საქართველო იყოს ყველზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×