
"ჩვენ არსად გასვლას და გაბუტვას არ ვაპირებთ, ყველაფერი კარგად იქნება, ნურავინ ინერვიულებს, "ქოცებს" ტყუილად ნუ უხარიათ, "- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" "ოპოზიციის ალიანსში" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე საუბრისას განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, კამათი, კრიტიკა და პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს ჯანსაღი, ცოცხალი, ადამიანებს თავისი აზრის გამოთქმა უნდა შეეძლოთ და "ეს "ოპოზიციის ალიანსს" მხოლოდ გააძლიერებს".
"ერთობამდე როდესაც მივალთ, მაშინ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტი ექნება ამ ალიანსს, ახლა თანამშრომლობითი ფორმატია, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა კონსოლიდირდეს. ალიანსს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს წინ. მე არ ვფიქრობ, რომ რამე დაპირისპირებაა, განხეთქილებაა, გნებავთ კამათი დავარქვათ, გნებავთ კრიტიკა. ცხოვრებაა, ადამიანები ვართ, ვიკრიბებით, ბევრი განსხვავებული აზრია და მიდის კამათი, რამე საოცრება ხდება? ყველას ძალიან მოსწონს ერთმანეთი, პოლიტიკურად რომ არ მოსწონდეთ, ერთობას არ შექმნიდნენ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერების მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტების კრიტიკასაც და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს "ცენზურას ვერავინ დაუწესებს".
"ფეისბუქ" პოსტებით რომ გამოეხმაუროს[პოლიტიკურ პროცესს], არ აქვს უფლება? თუ [საჭიროდ] ჩათვლის და გაკრიტიკება მოუნდება ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების ან მოძრაობის, თავისი აზრის გამოთქმა ყოველგვარი პოლიტიკური თავდასხმისა და ბრალდების გარეშე, ცენზურა უნდა დავუწესოთ? მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით, კარგად წაადგება [ალიანსს], მისი გამოცდილება და პოლიტიკური წონა ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.
მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ თავის პარტიას და ალიანსს არ ელაპარაკება, ის ქართველ ხალხს ელაპარაკება და საქართველოს ისტორიისთვისაც წერს თავის მოსაზრებებს, რომელსაც გვაწვდის ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით და სოციალური ქსელებით. ცენზურას ვერავინ დაუწესებს. მე აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, ყველაფერს მოევლება, მიეხედება. უფრო მეტიც, ამ კამათსა და კრიტიკაში გაძლიერდება ჩვენი ალიანსი", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.