
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მიშა ხუროშვილის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ოთხსულიანმა ოჯახმა ღამე მეზობელთან გაათია, ახლა დახმარების მოლოდინშია.
ხუროშვილების ოჯახის ინფორმაციით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სახლში არასრულწლოვანს ეძინა, რომლის გადარჩენა ბებიამ შეძლო. თავად ქალი კი აალებული სახლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და ხანძარს თავი ფანჯრიდან გადმოხტომით დააღწია.
სრულად არის განადგურებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. დაზიანებულია კედლები და ექსპერტის შეფასებით, ის საცხოვრებლად უვარგისია.
დაიწვა ეზოში მდგომი ავტომობილიც, რომელიც თანასოფლელს შესაკეთებლად ჰყავდა მიყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელიც ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ოჯახის დასახმარებლად 5000 ლარს გამოყოფს.
