თამთა ჩაჩანიძე
29.04.2026

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის, თუმცა, მიაჩნიათ, რომ "საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას".

მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის თვითმიზანი იმ შემთხვევაში, „თუ ამის გამო ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და იდენტობის დათმობა მოგვიწევს".

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, ევროპელი ლიდერები უკვე ღიად მიუთითებენ, რომ იმისათვის რომ უკრაინაში საბოლოოდ მშვიდობა დამყარდეს და ევროკავშირში გაწევრიანდეს, მას ტეროტორიების დათმობა მოუწევს. მოლდოვის შემთხვევაში კი, აბაშიძის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ ახსენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე მოკლე გზა რუმინეთთან შეერთებაა.

  • გია აბაშიძე: "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არცერთ საერთაშორისო კლუბში გაწევრიანებაზე არ იცვლება. თანაც, თუ იმ კლუბში გაწევრიანება სათუოა, თან ევრობლოკის მომავალი არცთუ ისე სახარბიელოა"

"უკრაინის შემთხვევაში ეს ნამდვილად აღარაა დაფარული და სადღაც კულუარებში ნათქვამი, ჯერ იყო და ფინეთის ლიდერმა თქვა, შემდეგ უკვე კანცლერმა მერცმა გაიმეორა, რომ იმისათვის, რომ უკრაინაში საბოლოოდ მშვიდობა დამყარდეს, მას ტერიტორიების დათმობა მოუწევს, სავარაუდოდ რეფერენდუმის სახით. იგივე გერმანიის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ უკრაინას ევროკავშირში გავაწევრიანებთ, მაგრამ სწრაფად არაო - ეს რას ნიშნავს?

"ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტი რუსეთისთვის ტერიტორია დათმე, მაგრამ ევროკავშორული პერსპექტივა ან გექნება, ან არაო. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სწორად განაცხადა, რომ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არცერთ საერთაშორისო კლუბში გაწევრიანებაზე არ იცვლება. თანაც, თუ იმ კლუბში გაწევრიანება სათუოა, თან ევრობლოკის მომავალი არცთუ ისე სახარბიელოა.

"ამის გამო რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა და მისი მხარდამჭერები პროპრუსულობაში დაადანაშაულო, ეს დიდი უსინდისობაა. პრორუსულობაში მერცი და მისი სხვა კოლეგები დაადანაშაულონ, რომლებიც უკვე დაუფარავად, უკრაინელი ხალხის სისხლის ხარჯზე, ამ უმსგავსობას ამბობენ.

"მოლდოვას პრეზიდენტი სანდუ კი, არაერთგზის პირდაპირ აცხადებს, რომ მას რუმინეთთან შეერთება ურჩევნია, ამით ევროკავშირში გაწევრიანების გზას უფრო დაიმოკლებს. მან საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთოდ ხაზი გადაუსვა - ესაა მოლდოვაში პატრიოტიზმი და ეროვნული ინტერესების დაცვა? "- განაცხადა აბაშიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა მორიგი პროპაგანდისტული განცხადება პაპუაშვილის მხრიდან, რადგან ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიულ მთლოანობას მხარს უჭერს და ბლოკში გაწევრიანების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობას არ ითხოვს.

"მორიგი პროპაგანდისტული ხასიათის განცხადებაა, რომ თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, მაშინ ეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უნდა მოხდეს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

"ბუნებრივია, ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემდა და პატივს სცემს. თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი აღიარებული იქნება, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

  • ნიკა ჩიტაძე: "მორიგი პროპაგანდისტული ხასიათის განცხადებაა... ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი აღიარებული იქნება, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი"

"არც უკრაინას არ სთხოვენ, რომ ყირიმი, დონეცკი, და ლუგანსკი ე.წ. რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ და არც მოლდოვას არ სთხოვენ დნესტრისპირეთი აღიაროს. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ამის სჯერა და ეს განცხადებაც მათზეა გათვლილი",- განაცხადა ჩიტაძემ.

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის წევრობა არ არის თვითმიზანი იმ შემთხვევაში, "თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი და იდენტობა".

"გუშინ ვნახეთ გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება. მან თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლისთვის სავარაუდოდ დასჭირდება ტერიტორიების დათმობა. ასევე ვიხილეთ მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც კვლავ გაიმეორა, რომ მოლდოვის სახელმწიფოს გაუქმება და რუმინეთის ნაწილად გადაქცევა არის ყველაზე ოპტიმალური გზა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

"მერცის განცხადების შემთხვევაში იგულისხმება, რომ უკრაინას თუ უნდა წევრობა, ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია, სუვერენიტეტი უნდა დათმოს. მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლდოვას ევროკავშირში წევრობა თუ უნდა, არათუ სახელმწიფოს სუვერენიტეტი უნდა დათმოს, არამედ სახელმწიფო გააუქმოს.

"როდესაც მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა, ვუთხრა ყველას ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა, საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას.

"ზუსტად ეს ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. ეს არის თვითმიზნობის შედეგი.

"თუ ევროკავშირში წევრობა არის თვითმიზანი, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაწირო შენი ტერიტორიული სუვერენიტეტი, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სწორედ ამ გაგებით, ევროკავშირის წევრობა არ არის ჩვენი თვითმიზანი, თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი, იდენტობა, უფლება, ჩვენ განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკა, რასაც უკრაინასა და მოლდოვას, როგორც პირობას, უყენებენ ბრიუსელიდან და თავადაც აღიარებენ, რომ ეს პირობები არსებობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა კითხვას, როგორ შეაფასებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ „ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია".

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაჩენი გამოუტანა ევროკავშირს, ევროკავშირის დემოკრატიას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს იმ სახით, რომელსაც ცდილობენ, რომ რეკლამაში წარმოგვიდგინონ.

"სინამდვილეში, ევროკავშირში, ევროკომისიის, თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებით ხდება სისტემური და სისტემატური ჩარევა არჩევნებში. მაგალითები შესწავლილია. ეს არის განაჩენი ბრიუსელის წინააღმდეგ, რომ ნებისმიერი მათი საუბარი დემოკრატიულ არჩევნებზე არის ლიტონი სიტყვები", - აღნიშნავს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×