მარიამ ვეკუა
29.04.2026

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაცია პარლამენტში მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა - ფრაქცია „საქართველოსთვის" დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მძიმე ბრალდებებს დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა, თავად მინისტრმა კი ოპონენტის გამოსვლას „უსინდისობა" და „დემაგოგია" უწოდა.

მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაცია ფრაქციამ „საქართველოსთვის" მოითხოვა.

ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატის ქეთევან ბაკარაძის გამოსვლამ "ოცნების" დეპუტატები გააბრაზა, ბაკარაძის კომენტარს საინტერპელაციო თემების წარდგენისას, სადაც სარჯველაძეს ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში მინისტრი უწოდა, დარბაზიდან ხმაური შეძახილები გამოიწვია

"თქვენ არა ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი, თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია, დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯბოქსისგან, პროპაგანდისგან და ამომწურავ პასუხს გასცემთ კითხვას, რატომ ვერ იცავს სახელმწიფო მოქალაქეებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომელთა მშობლები მათი სიცოცხლის გადასარჩენად კანცელარიის წინ ღამეებს ათენებენ", - განაცხადა ბაკარაძემ.

ბაკარაძემ დასძინა: ვის ეჯიბრებით? დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც წამალს და სიცოცხლეს ითხოვენ? - ძალიან შორს ხართ მოქალაქეებისგან, თქვენს კომფორტულად მოწყობილ ოთახებში ვერ აღწევს დედების პროტესტის ხმა

საპასუხოდ კი სარჯველაძემ ბაკარაძის გამოსვლას „ყალბი პათეტიკა" უწოდა.

„არ შემიძლია არ ვუპასუხო ჩემ წინ გამოსულ ადამიანს. ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა „უსინდისობასაც", სიტყვა „პოლიტიკურის" დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა. იმავდროულად, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც. დილეტანტიზმიც და იმავდროულად, ამორალურობაც"

დიუშენი

ჯანდაცვის მინისტრმა მთავარი აქცენტი დიუშენის საკითხზე გააკეთა, აღნიშნა, რომ სამინისტრო შედეგისთვის მუშაობას გააგრძელებს.

„ჩემი მიზანი და სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ, მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი და გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა პაციენტებისთვის. ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს. ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული მანამ, ვიდრე აქ მჯდომი, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა.

მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და, ნებსით თუ უნებლიედ, ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან, რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას.

ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ამიტომაც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, რეალურად, გულშემატკივრობენ და თანაუგრძნობენ ამ ხალხს, პაციენტებს და ვსაუბრობ, უპირველესად, მათთვის, რადგან მათ რიგებში ვართ ჩვენც., - განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე ამ საკითხში ოპოზიციონერების პოზიციასაც გამოეხმაურა, აღნიშნა:

ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა პოლიტიკოსებისგან ვუყურებ, რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, მათი მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ, და ამაზე ქულები დაიწერონ. არ ვიცი ამაზე ცუდი რამ რა შეიძლება იყოს. ეს არის სიბინძურე, სიგლახე, არ შეიძლება ამის შეწყნარება და გაგრძელება

შმმ პირებზე

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესაძლოა დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატოს შშმ პირის, შშმ ბავშვის მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი.

"არის მოსაზრება, დავიწყოთ მუშაობა სამმხრივი კომისიის წევრებთან შშმ პირთა დასაქმების კვოტირების სისტემის შემოღების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, რომელიც ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, როგორც შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ეფექტური ინსტრუმენტი.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ვფიქრობთ, პროფესიულ მომზადება-გადამზადებაში ჩართულ შშმ პირებთან, მათ შორის განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ შშმ პირებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საფუძველზე, აქტიურად დავიწყოთ ინდივიდუალური მუშაობა, თითოეული მათგანის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×