
მარია ზახაროვასგან მოვისმინეთ საგანგაშო განცხადება, რომ რუსეთი კონფიდენციალურად მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” გადატანისთვის - დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადოს მონაწილეობს თუ არა ამ “კონფიდენციალურ“ მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ხსენებული ,,ნეიტრალურ გარემო" ისეთი გარემოა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისო დასავლური ქოლგა აღარ დაიცავს.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის - მარია ზახაროვასგან მოვისმინეთ საგანგაშო განცხადება, რომ რუსეთი კონფიდენციალურად მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” გადატანისთვის და ახლა ასეთ “ნეიტრალურ ტერიტორიას“ ეძებს.
დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადოს მონაწილეობს თუ არა ამ “კონფიდენციალურ“ მოლაპარაკებებში და რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხზე. ქართული მხარე უკვე თვეებია მალავს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებსა და ჟენევის ფორმატში გამართული შეხვედრების შინაარსს, რაც პერიოდულად ჟღერდება ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ მართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ და შეიცავს საგანგაშოა ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
საგანგაშოდ მივიჩნევთ, „ოცნების“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ არსებულ სახიფათო, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამაზიანებელი პოლიტიკის დინამიკას, რაც დაიწყო ივანიშვილის მიერ ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშით, 2008 წლის ომში აგრესორად, ფაქტობრივად საქართველოს გამოცხადებითა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით, რომელსაც ქართული მიწის დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისთვის, „ოცნების“ ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და „არგუმენტებით“ ასამართლებს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ფორმატია, სადაც საქართველოს ეროვნული, სუვერენული ინტერესების დაცვაში თავისი მონაწილეობით ეხმარება ეუთო, გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთის მიერ ხსენებული ,,ნეიტრალურ გარემო" კი ისეთი გარემოა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისო დასავლური ქოლგა აღარ დაიცავს და ეს ფაქტობრივად, ამ ფორმატის გაუქმებას ნიშნავს.
ფაქტია, რომ საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო, საინფორმაციო და ეკონომიკური ბერკეტებით შეიარაღებული რუსეთის ფედერაცია ახლა აქტიურ და მასირებულ შეტევას აწარმოებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, სად დგას „ოცნების“ მთავრობა დღეს, - იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუ რუსული სახელმწიფოს მოკავშირეა ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაში”, - ნათქვამია განცხადებაში.