
როდესაც რაღაც რუსულზე ლაპარაკობენ, თუ ვინმე წარმოადგენს და იყო რუსული პროექტისა და რუსული საქმის განსახიერება, ეს არის თავად სააკაშვილი და სააკაშვილის ხელისუფლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმის ფაქტებზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა პატიმარ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტზე, რომელიც პატრიარქის არჩევნებს ეხებოდა. კერძოდ, სააკაშვილმა ამ პროცესს რუსული სპეცოპერაცია უწოდა. ჭეიშვილის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში გაკეთებული საქმეები საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი.
„ეს ძალიან ვრცელი ჩამონათვალია და თავისთავად მეტყველებს, თუ ვის უკეთებია საქართველოში რუსული საქმე და ვინ მოქმედებდა რუსული სცენარით. ამიტომ, ეს შეფასებები არის აბსურდულ და ყოვლად უსამართლო“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ სამარკო ნიშანი იყო ის, რომ ისინი დღენიადაგ ახორციელებდნენ ყოვლად ამორალურ თავდასხმებს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი, წმინდა სინოდის მისამართით და ზოგადად, დედაეკლესიის მისამართით.