
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მარშით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბავშვებს შესაბამისი მედიკამენტები დაუფინანსონ.
მშობლების განცხადებით, მედიკამენტების დროულად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარებამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან აქვთ სიმბოლურად წითელი ბუშტები და ბანერები წარწერით: "წამალი ბავშვებს", "ნუ დუმხარ, გადაარჩინე სიცოცხლე", ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, ნუ აყოვნებთ, მიეცით წამალი ბავშვებს". მსვლელობის გამო, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა დროებით ცალმხრივად გადაკეტილი იყო.
"ჩვენ ვითხოვთ შვილების გადარჩენას. ხელისუფლება ამ ბავშვებს დღეებს აცლის. შეიძლება ამ დაავადების გადავადება და ამაზე სახელმწიფო დუმს. ორწლიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ ქუჩაში გამოვედით, არავის უხარია აქ ყოფნა",-განაცხადა ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" გამგეობის თავმჯდომარემ, ზაქრო გვიშიანმა.
საპროტესტო მარშს მიჰყვებოდა პოლიციის ეკიპაჟები. მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლები შვილებისთვის საჭირო მედიკამენტების მოთხოვნით საპროტესტო აქციას 20 აპრილიდან მართავენ.