რეზონანსი
05.05.2026

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ალიანსში დაპირისპირება არ არის, არამედ ზოგჯერ მძიმე დისკუსიებია.

მისივე განმარტებით, კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს.

„ვისურვებდი, ეს არ ყოფილიყო, მაგრამ ალიანსის შექმნისასაც ვთქვით, არავის გვეგონა, ცხოვრება მარტივი იქნებოდა. ერთმანეთის კრიტიკა არ ნიშნავს ალიანსის დაშლას, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ. ალიანსში შემავალ პარტიებს გვაერთიანებს მთავარი – ეს არ არის ურთიერთსიყვარული, ეს არის ერთიანი მიზანი, საქართველოს გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილისგან. პლუს, ალიანსში შემავალ პარტიებს გვაერთიანებს, რომ არ ვაღიარეთ არჩევნების შედეგები, არ შევედით არჩევნებში, რომელიც არ მიგვაჩნდა არჩევნებად და არც შევალთ იმგვარ არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ იქნება ასევე „არჩევნები“. ეს გვაერთიანებს და თუ დავიშლებით, დავიშლებით იმ ნიადაგზე, რომ ვიღაც ამას არ დაეთანხმება. იმედი მაქვს, ასეთები არ იქნება. დისკომფორტს წარმოადგენს ნებისმიერი ურთიერთდაპირისპირება, თუნდაც პერსონალური. მიხეილ სააკაშვილს და პატიმრებს მე ზოგადად არაფერს ვურჩევ, მათ აქვთ ბევრად მეტი თავისუფლება ნებისმიერი გამოხატვის ფორმაში, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც არიან გარეთ. მე შემიძლია, ეს გითხრათ, როგორც პატიმარმა და როგორც ადამიანმა, რომელმაც ჩემი მეგობრები დავტოვე ციხეში იქიდან გამოსვლის შემდეგ, რაც ძალიან მძიმეა. მაგრამ ყველას, მათ შორის არა მხოლოდ ალიანსის წევრებს, არამედ გულშემატკივრებს ვურჩევდი, დაპირისპირების გაღვივებაში არ მიიღონ მონაწილეობა. პირიქით, ვეცადოთ, ამგვარი დაპირისპირებები რაც შეიძლება მინიმიზებული იყოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×