რეზონანსი
13.05.2026

[ფასების შემსწავლელი] კომისია სწავლა-განათლებაზე იყო? სერტიფიკატები მიიღეს, გასცეს თუ რა გააკეთეს? ვინმემ გვითხრას, საქართველოს მოქალაქემ მათი კომისიის შედეგად, რა შეღავათი მიიღო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებას: „ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია“.

ლევან სამუშიას განცხადებით, როდესაც ხალხს ეტყვი, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის კი არა, შესწავლისთვის იყო შექმნილი, დაცინვაა.

„დღეს გვეუბნებიან, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, ეს ხომ დაცინვაა. ეს შედეგი კი არა, საქართველოს მოქალაქეების დაცინვაა. ფასების წინააღმდეგ რომ ბრძოლა დაიწყეს, კარტელურ გარიგებებზე რომ საუბრობდნენ ორი თუ სამი თვის უკან, ნახეთ რა განცხადებებს აკეთებდნენ. მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მეხსიერება არ გვაქვს, ვერ ნახავენ და მათ განცხადებებს ვერ ამოწევს ვერავინ? ნახეთ, კობახიძე რას საუბრობდა, მოკვლევები რომ დაიწყეს ფასებთან დაკავშირებით, ბრძოლა დავიწყეთ, კვერცხის ფასმა დაიწიაო, ლამის ზარზეიმით აცნობეს ხალხს.

დღეს რა სიტუაციაა ნახეთ, ეს არის ფასების დაწევის კომისია თუ ფასების აწევის კომისია? დაიწია თუ აიწია ფასებმა? მიიღეს თუ არა შეღავათები საქართველოს მოქალაქეებმა. კომისია სწავლა-განათლებაზე იყო? თუ როგორ წარმოიქმნება ფასი, ფასთა წარმოქმნას სწავლობდნენ? სერტიფიკატები მიიღეს, გასცეს თუ რა გააკეთეს, რა ქნეს ამ ადამიანებმა? ვინმემ გვითხრას, საქართველოს მოქალაქემ მათი კომისიის შედეგად რა შეღავათი მიიღო. შექმნილი კომისიის შემდგომ ფასებმა მოიმატა თუ დაიკლო? რა თქმა უნდა, მოიმატა. სიტყვებით ჟონგლიორობა აღარც კი გამოსდით, წარმოუდგენელია. ხორცთან დაკავშირებით კობახიძე წარმოუდგენელ ფასზე საუბრობდა. რეგიონში შეხვედრებზე ვიყავი და გამწარებული იყო ხალხი, დაგვცინიანო, ამას გვეუბნებოდა ხალხი. ახლა რომ ეტყვი კომისია ფასების შემცირებისთვის კი არა, შესწავლისთვის იყო შექმნილიო, ეს ხომ დაცინვაა მოქალაქეების“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×